აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში 14 იანვარს თოვლია მოსალოდნელი
აღმოსავლეთ საქართველოში 14 იანვარს უმეტესად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, ზოგან იქნება ნისლი და თოვა, – ამის შესახებ პირველ არხს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა.
რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს რაიონებს, სინოპტიკოსები ზოგან წვიმას, მთასა და მაღალ მთაში კი თოვლს ელოდებიან.
„ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე ხვალ უნდა გაძლიერდეს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. თუ ჰაერის ტემპერატურა დღეს 4 გრადუსამდეა, ხვალ 6-11 გრადუსამდე მოიმატებს“, – განაცხადა სვეტლანა ნიორაძემ.
როგორც ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა აღნიშნა, თბილისში 14 იანვარს თოვლჭყაპია მოსალოდნელი.
„მომდევნო დღეებში ამინდის მხრივ შედარებით უკეთესობას ველოდებით, თუმცა 15-16 იანვარს, საქართველოს მასშტაბით, დროგამოშვებით, ნალექიანი ამინდი იქნება“, – განაცხადა ნიორაძემ.