„აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის“ მიხედვით, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის მესამე ადგილზეა.
კვლევის მიხედვით, საქართველოს 0,63 ქულა აქვს მინიჭებული. ინდექსში პირველ ადგილს მოლდოვა, ხოლო მეორეს უკრაინა იკავებს.
სომხეთი მეოთხე ადგილზეა, მეხუთეზეა აზერბაიჯანი და მეექვსე ადგილზე არის ბელარუსი.
კვლევაში განხილულია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომის შედეგები და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ რეფორმების კუთხით მიღწეული პროგრესი.
კვლევა ეფუძნება სამი ძირითადი მიმართულების შეფასებას. ესენია: დემოკრატია, კარგი მმართველობა და კანონის უზენაესობა, პოლიტიკის ევროკავშირთან დაახლოება და მდგრადი განვითარება.
საქართველოს შესახებ ანგარიშში ნათქვამია: „საქართველომ მნიშვნელოვანი პოზიციები დაკარგა როგორც დემოკრატიისა და კარგი მმართველობის, ისე პოლიტიკის დაახლოების კუთხით. ფაქტობრივად, საქართველოს მაჩვენებლები ხასიათდებოდა მნიშვნელოვანი კლებით ბევრ სფეროში, რაც ასახავს ქვეყნის პოლიტიკურ პოლარიზაციას, მნიშვნელოვანი კლება მოხდა ინდექსის თითქმის ყველა თემატურ სფეროში (კერძოდ, დემოკრატიული უფლებები, არჩევნები და პოლიტიკური პლურალიზმი, კორუფციასთან ბრძოლა, ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმები, სახელმწიფოს ანგარიშვალდებულება, დამოუკიდებელი მედია, სახელმწიფო მმართველობა, საბაზრო ეკონომიკა, თავისუფლება, უსაფრთხოება და სამართლიანობა, გარემოსდაცვითი და კლიმატის პოლიტიკა) გარდა შეკრების თავისუფლებისა“.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსი“ შედგენილია აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ფორუმის მმართველი კომიტეტის მიერ, ალექსანდრ საბუს ხელმძღვანელობით.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კვლევის ავტორებმა იხელმძღვანელეს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ფორუმის მხარდაჭერითა და სხვადასხვა ქვეყნის 65 ადგილობრივი ექსპერტის გამოცდილებით. საქართველოდან ამ ექსპერტებს შორის დასახელებული არიან კახა გოგოლაშვილი, გელა კვაშილავა, კორნელი კაკაჩია, თამარ ხიდაშელი და სხვები.