ალეკო ელისაშვილი - მოლდოვასა და უკრაინაში ვყოფილვარ და მინდა, ვთქვა, რომ არავის ჩამოვრჩებით, რეფორმების თვალსაზრისით მაჩანჩალები არ ვართ, მაჩანჩალები ვართ მმართველობის კუთხით
ალეკო ელისაშვილი - მოლდოვასა და უკრაინაში ვყოფილვარ და მინდა, ვთქვა, რომ არავის ჩამოვრჩებით, რეფორმების თვალსაზრისით მაჩანჩალები არ ვართ, მაჩანჩალები ვართ მმართველობის კუთხით

მოლდოვასა და უკრაინაში ვყოფილვარ და მინდა, ვთქვა, რომ არავის ჩამოვრჩებით, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის“ ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.

„ერთადერთი, ჩამოვრჩებით იმით, რომ უსასრულოდ ერთი და იგივე ხელისუფლება გვყავს. 12 წელია, ხელისუფლებაში არიან და ჯერ ვერც ვცვლით. ხელისუფლება უნდა შევცვალოთ და მაშინ ყველას და ყველაფერს დავეწევით, გავასწრებთ კიდეც. რეფორმების თვალსაზრისით მაჩანჩალები არ ვართ, მაჩანჩალები ვართ მმართველობის თვალსაზრისით. არც უკრაინაში და არც მოლდოვაში მმართველობის გაუკუღმართებული წესი არ არის, როგორც ჩვენთან, როცა არის ვიღაც კაცი, რომელიც არც გამოჩნდა, თან გამოჩნდა და გადაწყვეტილებებს იღებს“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსმა“ რამდენიმე დღის წინ ანგარიში გამოაქვეყნა. „აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის“ მიხედვით, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის მესამე ადგილზეა. ინდექსში პირველ ადგილს – მოლდოვა, ხოლო მეორეს უკრაინა იკავებს. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კვლევის ავტორებმა იხელმძღვანელეს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ფორუმის მხარდაჭერითა და სხვადასხვა ქვეყნის 65 ადგილობრივი ექსპერტის გამოცდილებით. საქართველოდან ამ ექსპერტებს შორის დასახელებული არიან კახა გოგოლაშვილი, გელა კვაშილავა, კორნელი კაკაჩია, თამარ ხიდაშელი და სხვები.