ირაკლი ქადაგიშვილი - „აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის“ ანგარიშის ქართველ ავტორებს თუ დავაკვირდებით, იმ პირთა წრეა, რომელიც მუდმივად საქართველოს საწინააღმდეგოდ მუშაობს
ირაკლი ქადაგიშვილი - „აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის“ ანგარიშის ქართველ ავტორებს თუ დავაკვირდებით, იმ პირთა წრეა, რომელიც მუდმივად საქართველოს საწინააღმდეგოდ მუშაობს

„აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის“ ანგარიშის მოხსენების ქართველ ავტორებს თუ დავაკვირდებით, ნახავთ, რომ ესენი არიან ქართული „ენჯეოები“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, ეს იმ პირთა წრეა, ვინც კანდიდატის სტატუსის მიღების წინ ანალოგიურად ამბობდა, რომ საქართველო სტატუსის მიღებისთვის არ იყო მზად, არ იყო ღირსი და ვერ ასრულებდა ვერცერთ პირობას, ქვეყანა ყველას და ყველაფერს ჩამორჩებოდა.

„ეს ის დაინტერესებული პირთა წრეა, რომელიც მუდმივად საქართველოს საწინააღმდეგოდ მუშაობს, მათ შორის, ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. არსებობს კიდევ მეორე – არაქართველების მიერ გაკეთებული განცხადება. ევროკომისიამ 8 ნოემბერს ანგარიში წარადგინა, სადაც პირდაპირ წერია, რომ საქართველო არის ლიდერი, წინ არის სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით და, აქედან გამომდინარე, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსის მიღებას. მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციები, როგორებიცაა მსოფლიო ბანკი, „ჰუმან რაითი“ და ა.შ. რასაც ეყრდნობა პოლიტიკის დაგეგმვა და ხედვა, ყველა ორგანიზაციის შეფასებით, საქართველო არის არა მხოლოდ კანდიდატ ქვეყნებზე წინ, არამედ რამდენიმე ფუნდამენტური მიმართულებით საქართველო ლიდერია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის. საქართველომ სტატუსი დამსახურებაზე დაფუძნებით მიიღო. თავის დროზე, როცა საქართველოს უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად სტატუსი არ მისცეს, ეს იყო პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე და არ ეფუძნებოდა ობიექტურ კრიტერიუმებს. ამ ობიექტურ კრიტერიუმებზე თვალის დახუჭვა შეუძლებელი გახდა და რეალობას ნათელი მოეფინა ევროკომისიის დასკვნით – საქართველო უპირობო ლიდერია. ისევ ქართველების მიერ ქართველების საწინააღმდეგოდ ნამოქმედარზე აქვთ აჟიოტაჟი, თუმცა ამას ქართველი ხალხი უკვე მიჩვეულია“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსმა“ ანგარიში გამოაქვეყნა. „აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის“ მიხედვით, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის მესამე ადგილზეა. ინდექსში პირველ ადგილს – მოლდოვა, ხოლო მეორეს უკრაინა იკავებს. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კვლევის ავტორებმა იხელმძღვანელეს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ფორუმის მხარდაჭერითა და სხვადასხვა ქვეყნის 65 ადგილობრივი ექსპერტის გამოცდილებით. საქართველოდან ამ ექსპერტებს შორის დასახელებული არიან კახა გოგოლაშვილი, გელა კვაშილავა, კორნელი კაკაჩია, თამარ ხიდაშელი და სხვები.