ვარსკვლავური აფეთქების ახლად აღმოჩენილი ტიპი შეიძლება მკვდარ ვარსკვლავთა თერმობირთვულ აფეთქებათა უკეთესად შესწავლაში დაგვეხმაროს.
ამ ახალ ფენომენს მიკრონოვას უწოდებენ და ხდება იმ თეთრ ჯუჯა ვარსკვლავთა ზედაპირზე, რომლებიც აქტიურად სწოვენ მატერიას ახლომდებარე ბინარულ (ორმაგ) კომპანიონ ვარსკვლავს. თეთრ ჯუჯაში მატერიის აკუმულაცია ლოკალიზებულ თერმობირთვულ აფეთქებებს იწვევს — მიკრონოვას.
როგორც ასტრონომები დააკვირდნენ, ამ აფეთქებათა დროს, რამდენიმე საათში ათობით და ასობით კვინტილიონი კილოგრამი ვარსკვლავური მატერია იწვება.
მკვლევართა განცხადებით, ეს მასა ხეოფსის პირამიდის მასას რამდენიმე მილიარდჯერ აღემატება. თუ სხვაგვარი შედარება გირჩევნიათ — მთვარის მასის დაახლოებით მეათასედი.
„პირველად ისტორიაში, აღმოვაჩინეთ და გამოვავლინეთ მოვლენა, სახელად მიკრონოვა. ეს ფენომენი ეჭვქვეშ აყენებს ჩვენს წარმოდგენას ვარსკვლავებში თერმობირთვული აფეთქებების შესახებ. ვფიქრობდით, რომ ამის შესახებ ვიცოდით, მაგრამ ეს აღმოჩენა მათი მოხდენის სრულიად ახალ გზას გვთავაზობს“, — ამბობს ბრიტანეთის დარემის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი საიმონ სკარინგი.
ახლო ბინარულ სისტემებში მყოფი თეთრი ჯუჯები თერმობირთვული აფეთქების ერთგვარი მანქანების როლს ასრულებენ. თეთრი ჯუჯა ე. წ. მკვდარი ვარსკვლავია, ის ნარჩენი, კოლაფსირებული ბირთვი, რაც მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავისგან რჩება საწვავის ამოწურვისა და მატერიის გარე ნაწილის მოშორების შემდეგ. სხვადასხვა მასის კლასში, ამ სახის სხვა ვარსკვლავური ნარჩენებია ნეიტრონული ვარსკვლავები და შავი ხვრელები.
კოლაფსირებული ბირთვი ძალიან მკვრივია. თეთრ ჯუჯა ვარსკვლავთა მასა ჩვენი მზისას დაახლოებით 1,4-ჯერ აღემატება და თავს იყრის დაახლოებით დედამიწის ზომის სფეროში. მრავალი მათგანი ორმაგ, ანუ ბინარულ სისტემებში გვხვდება.
იშვიათ შემთხვევაში, ორმაგ სისტემებში ვარსკვლავები იმდენად ახლოს არის ერთმანეთთან, რომ თეთრი ჯუჯა მეზობელ კომპანიონს მატერიას სწოვს, რაც ე. წ. ნოვად აფეთქებას იწვევს. ასეთი ახლო ორმაგი სისტემა ირმის ნახტომში სულ დაახლოებით ათია აღმოჩენილი.
როდესაც ასეთი ორი ვარსკვლავი ერთმანეთის გარშემო მოძრაობს, მატერიას, ძირითადად წყალბადს, პატარა, უფრო მკვრივი თეთრი ჯუჯა მეორე დიდ ვარსკვლავს აცლის და თავად იერთებს. ეს წყალბადი თეთრი ჯუჯას ზედაპირზე აკუმულირდება და ცხელდება.
პერიოდულად, მასა იმდენად იზრდება, რომ ქვედა ფენაში წნევა და ტემპერატურა საკმარისია თერმობირთვული აფეთქების მოსახდენად, რა დროსაც, ვარსკვლავის ჭარბი მასა კოსმოსში გაიტყორცნება. ამ მოვლენას ნოვას უწოდებენ.
სკარინგიმ და მისმა ჯგუფმა დაადგინეს, რომ მიკრონოვა ამ აფეთქების ერთგვარი პატარა ვერსიაა.
თეთრ ჯუჯაზე მიკრონოვა მკვლევრებმა პირველად ეგზოპლანეტებზე მონადირე ტელესკოპ TESS-ის მონაცემებში გამოავლინეს. TESS-ი ისეა ოპტიმიზებული, რომ ეგზოპლანეტების მქონე ვარსკვლავთა სინათლეში ძლიერ მცირე ცვალებადობებსაც კი ხედავს. ვარსკვლავის წინ ჩავლისას, ეგზოპლანეტა მის სინათლეს ძალიან ოდნავ აბნელებს.
TESS-ის მონაცემებში მკვლევართა ჯგუფმა მიკრონოვა მაშინ აღმოაჩინა, როცა თეთრი ჯუჯა ვარსკვლავის სინათლეში უცაბედი აკაშკაშება შენიშნეს და არა ჩაბნელება. ამის გამო, ასეთივე მოვლენების ძებნა სხვა თეთრ ჯუჯებშიც დაიწყეს. საერთო ჯამში, მათ სამი აფეთქება იპოვეს, რომელთაგან მესამეში, შემდეგი დაკვირვებებისას, იქამდე უცნობი თეთრი ჯუჯა ვარსკვლავი აღმოაჩინეს.
თუმცა, ანთებები ზედმეტად პატარა იყო და ნოვა ვერ იქნებოდა, რომელიც გაცილებით მძლავრი და ხანგრძლივი მოვლენაა. ამიტომ, ჯგუფმა დაიწყო ისეთი სცენარის ძებნა, რომელიც დაკვირვებებით ნანახს ახსნიდა. მივიდნენ დასკვნამდე, რომ ყველაზე მეტად ამ მოვლენას მიკრონოვა ახსნიდა.
როდესაც ძლიერი მაგნიტური ველის მქონე თეთრი ჯუჯა ახლო ბინარულ სისტემაშია, კომპანიონ ვარსკვლავს მატერიას სწოვს. ამ მატერიის მაგნიტური ველი თეთრი ჯუჯას პოლუსებისკენ მიემართება, სადაც ის აკუმულირდება და თანდათან იწვევს აფეთქებას, თეთრი ჯუჯას ტიპური ნოვას მსგავსს, მაგრამ გაცილებით მცირე მასშტაბისას.
„პირველად ისტორიაში, ვნახეთ, რომ წყალბადის სინთეზი ლოკალიზებული გზითაც შეიძლება მოხდეს. წყალბადის საწვავი ზოგიერთ თეთრ ჯუჯაში შეიძლება მაგნიტური პოლუსების ფუძესთან იყოს და შესაბამისად, სინთეზი მხოლოდ ამ მაგნიტურ პოლუსებთან მოხდეს. ეს კი იწვევს მიკროსინთეზურ ბომბთა აფეთქებებს, რომლებსაც ნოვას აფეთქების სიძლიერის მხოლოდ დაახლოებით მემილიონედი აქვთ და შესაბამისად, ვუწოდეთ მიკრონოვა“, — ამბობს ნიდერლანდების რედბუდის უნივერსიტეტის ასტრონომი პოლ გრუთი.
ამ აღმოჩენამ შეიძლება ამოხსნას საიდუმლო, რომელიც ათწლეულებია არსებობს. ერთ-ერთ ორმაგ თეთრ ჯუჯაში, რომელსაც TV Columbae-ს უწოდებენ, უკვე 40 წელია, მსგავსი ანთებები შეინიშნება. წლების განმავლობაში, ასეთივე აფეთქებები დაფიქსირებულია სხვა ძლიერ მაგნეტიზებულ თეთრ ჯუჯებშიც. ახალმა ახსნამ შეიძლება საბოლოოდ შემოგვთავაზოს დამაჯერებელი პასუხი.
აღმოჩენა მიუთითებს, რომ ასეთი აფეთქებები შეიძლება საკმაოდ ხშირი იყოს, მაგრამ ასტრონომებს უფრო მეტი დაკვირვებები სჭირდებათ, რათა ისინი უფრო სიღრმისეულად შეისწავლონ.
„კიდევ ერთხელ ვხედავთ, რამდენად დინამიკურია სამყარო. ეს მოვლენები შეიძლება საკმაოდ ხშირი იყოს, მაგრამ ვინაიდან ისინი ძალიან სწრაფად ხდება, ძნელია მოქმედებაში დაჭერა“, — ამბობს კვლევის ავტორი, ბრიტანეთის დარემის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი საიმონ სკარინგი.
კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია eso.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.