აღმოჩენილია თანამედროვე მცენარეების წინაპარი წყალმცენარის მილიარდი წლის წინანდელი ნამარხი
უძველეს კლდეებში გაქვავებული სისხლძარღვების მსგავსი ზოლები სინამდვილეში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გასაღებია ფოტოსინთეზის ისტორიის შესასწავლად. ეს გახლავთ ზღვის მწვანე წყალმცენარეების მილიარდი წლის წინანდელი ციცქნა ნამარხები, რომლებიც უძველესია ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის.
მიუხედავად ასეთი სიძველისა, ნამარხებს აქვს მახასიათებლები, რომლებიც გარკვეულწილად ჰგავს თანამედროვე წყალმცენარეებისას. წარმოადგენენ მრავალუჯრედიან ორგანიზმებს დატოტვილი სტრუქტურითა და ფესვების სისტემით.
ახლად აღმოჩენილ უძველეს ნამარხ წყალმცენარეს პალეონტოლოგებმა Proterocladus antiquus-ი უწოდეს; ასაკით აღემატება წინა რეკორდის მფლობელს, Proterocladus-ს, რომელიც 800 მილიონი წლის წინანდელია. Არ არის გამორიცხული, რომ ორივე მათგანი ერთ სახეობას ეკუთვნოდეს.
აღმოჩენა მიუთითებს, რომ იმ დროს, მცენარეების წყლიდან ხმელეთზე მიგრაციამდე დიდი ხნით ადრე, ოკეანეში უკვე ყვაოდა წყალმცენარეები.
ვირჯინიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პალეონტოლოგ შუჰაი სიაოს განცხადებით, მთლიანი ბიოსფერო საკვებისა და ჟანგბადის თვალსაზრისით დიდად არის დამოკიდებული წყალმცენარეებზე; ხმელეთზე კი მცენარეები პირველად 450 მილიონი წლის წინ გამოჩნდა.
მისი თქმით, მათმა კვლევამ აჩვენა, რომ მწვანე წყალმცენარეები სულ მცირე მილიარდი წლის წინ განვითარდა და წყალმცენარეების ამჟამინდელი რეკორდი 200 მილიონი წლით უკან გადასწია.
თავად ნამარხები ერთი ციცქნაა, მხოლოდ რამდენიმე მილიმეტრის სიგრძის — რწყილის ზომის ლაქები დანალექოვან ქანებზე, რომლებიც ჩრდილოეთ ჩინეთის ლიაონინის პროვინციაში, ნანფენის გეოლოგიურ ფორმაციაში აღმოაჩინეს. მიუხეავად ზომისა, მიკროსკოპის ქვეშ კარგად ჩანს მათი დახვეწილი, დატოტილი ფორმები.
უფრო ადრე აღმოჩენილია წყალმცენარეების უფრო ძველი ნამარხებიც — წითელი წყალმცენარე Bangiomorpha pubescens-ი, რომელიც დაახლოებით 1,047 მილიარდი წლის წინანდელია. Რა თქმა უნდა, ფოტოსინთეზის უკეთ შესასწავლად ისიც საკმაოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ მხრივ ახლად აღმოჩენილი P. Antiquus უფრო განსაკუთრებულია, რადგან ის მწვანე წყალმცენარეა.
მიჩნეულია, რომ მწვანე მცენარეები, იგივე Viridiplantae, დედამიწაზე მაქსიმუმ 2,5 მილიარდი და მინიმუმ 635 მილიონი წლის წინ გაჩნდა. იმის გამო, რომ უძველეს მცენარეთა ნამარხები იშვიათია, ამ ქრონოლოგიის დავიწროება უკიდურესად რთულია. მეცნიერებმა დაზუსტებით ასევე არ იციან, როდის განვითარდნენ ისინი ერთუჯრედიანიდან მრავალუჯრედიან ორგანიზმებად, ანდაც საერთოდ, სად გაჩნდნენ.
ზოგიერთი მეცნიერის აზრით, მრავალუჯრედიან ცხოველთა მსგავსად, Viridiplantae ოკეანეში წყალმცენარის სახით გაჩნდა, შემდეგ კი ხმელეთზე გადაბარგდა და დღეს არსებულ სხვადასხვა მცენარედ განვითარდა, ყველაზე დიდი მცენარეებით დაწყებული, ხავსებით დამთავრებული.
მკვლევართა ერთი ნაწილის აზრით კი, მცენარეები მტკნარ მდინარეებსა და ტბებში გაჩნდა; ამის შემდეგ, ისინი იქიდან ოკეანეში გადაადგილდნენ, შემდეგ კი კვლავ ხმელეთზე დაბრუნდნენ.
P. antiquus-ი მხარს უჭერს მცენარეების ოკეანეში წარმოშობის თეორიას, რადგან უკიდურესად ჰგავს დღეს არსებულ წყალმცენარეებს.
სიაოს განცხადებით, მათ მიერ აღმოჩენილ უძველეს ნამარხებს ფორმითა და ზომით განსაკუთრებით ჰგავს თანამედროვე მწვანე წყალმცენარეები, რომლებსაც siphonocladalean-ები ეწოდება.
დატოტვილი სტრუქტურისა და პატარა ზომის გამო, მკვლევართა ჯგუფი ვარაუდობს, რომ P. Antiquus-ი უძველესი siphonocladalean-ის ტიპია, თუმცა იქვე შენიშნავენ, რომ არ შეიძლება იმის გამორიცხვაც, რომ P. Antiquus-ი siphonocladalean-სგან მორფოლოგიურად დამოუკიდებლად განვითარებულიყო და ამჟამად ის გადაშენებული იყოს.
მიუხედავად ამისა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის სხვადასხვა სახეობას ეკუთვნის, მათი მსგავსება მიუთითებს მსგავს გარემოზე — ანუ ოკეანეზე. ეს აღმოჩენა თავის მხრივ შეიძლება დაგვეხმაროს უძველესი ოკეანის გარემოს შესწავლაში.
და რა თქმა უნდა, აღმოჩენა უფრო მეტს გვეტყვის მცენარეების რთული და იდუმალი ოჯახური ხის შესახებ.
კვლევა ჟურნალ Nature Ecology & Evolution-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია vtnews.vt.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.