ლეგენდარული რომაული ხილის 2000 წლის წინანდელი თესლებიდან მცენარეები ამოვიდა
ლეგენდარული რომაული ხილის 2000 წლის წინანდელი თესლებიდან მცენარეები ამოვიდა

მეცნიერებმა მცენარეები აღმოაცენეს ფინიკის პალმის თესლებისგან, რომლებიც 2000 წლის განმავლობაში იყო მიმოფანტული უძველეს ნანგრევებსა და მღვიმეებში.

მიღწევა კიდევ ერთხელ ადასტურებს იუდეის ფინიკის პალმის მარცვლების ხანგრძლივ სიცოცხლისუნარიანობას; ხილის ეს ჯიში საუკუნეთა განმავლობაში თითქმის გაქრა.

აღმოცენებული ყლორტების საშუალებით, მეცნიერები ახლა ცდილობენ გაარკვიონ ამ მცენარის კულტივირების ძლიერ დახვეწილი მეთოდი, რის შედეგადაც მოჰყავდათ ფინიკი, რომელსაც აქებდნენ ჰეროდოტე, გალენოსი და პლინიუს უფროსი.

როგორც მეცნიერები კვლევაში წერენ, ამჟამინდელი კვლევა ნათელს ჰფენს იუდეის ფინიკის პალმის წარმოშობას და მიუთითებს, რომ მისი კულტივაცია მოხდა გენეტიკურად განსხვავებული აღმოსავლური და დასავლური პოპულაციებისგან; როგორც ჩანს ადგილობრივი, ანუ აღმოსავლური სახეობები მოგვიანებით შეაჯვარეს დასავლურ სახეობებთან.

მკვლევართა განცხადებით, ეს აღმოჩენა შესაბამისობაშია იუდეის მდებარეობასთან, აღმოსავლეთ-დასავლეთის ფინიკის პალმის დივერსიფიკაციის ზონებს შორის, სადაც ყვაოდა ფინიკის პალმის კულტივირების უძველესი ცენტრები.

ფინიკის პალმის (Phoenix dactylifera) ასობით თესლი არქეოლოგებმა აღმოაჩინეს მეფე ჰეროდე I დიდის მიერ აშენებულ ციხესიმაგრესა და სამხრეთ ისრაელში, იუდეის ბორცვებსა და მკვდარ ზღვას შორის მდებარე მღვიმეებში.

ამის შემდეგ, მეცნიერთა ჯგუფმა თესლები დაახარისხა. ჯგუფს ისრაელის ჰადასაჰის სამედიცინო ორგანიზაციის მკვლევარი სარა სალონი ხელმძღვანელობდა.

შეარჩიეს 34 თესლი, რომელიც მათი აზრით, ყველაზე მეტად ცოცხალი უნდა ყოფილიყო. შემოწმების მიზნით ერთი მათგანი გახლიჩეს, დანარჩენი 33 კი წყალსა და სასუქებში დაასველეს აღმოცენების ხელშეწყობისთვის.

ამ პროცესში კიდევ ერთი მარცვალი დაზიანდა და საბოლოოდ, 32 მარცვალი ჩათესეს.

მათგან ექვსი თესლი აღმოცენდა. მცენარეებს სახელებიც შეურჩიეს — იონა, ურიელი, ვოოზი, იუდიფი, ანა და ადამი. აღსანიშნავია, რომ სარა სალონისა და მისი კოლეგების წინა მცდელობისას, 2008 წელს, თესლიდან მხოლოდ ერთი პალმა ამოვიდა, რომელსაც მათუსალა დაარქვეს.

ნარგავებზე მეცნიერებს ახლა უკვე შეუძლიათ ისეთი ტესტებისა და ანალიზების ჩატარება, რაც შეუძლებელი იყო მხოლოდ თესლებზე.

პირველ რიგში, მათ შეაგროვეს თესლის გარსის ის ფრაგმენტები, რომლებიც ჯერ კიდევ შერჩენილი იყო ახლად ამოსულ მცენარეთა ფესვებზე. მათზე ჩატარებულმა რადიონახშირბადულმა დათარიღებამ აჩვენა, რომ თესლები 1800 – 2400 წლის წინანდელია.

ამის შემდეგ, მკვლევრებმა გენეტიკური ანალიზები თავად მცენარეებს ჩაუტარეს და მიღებული შედეგები ამჟამინდელი ფინიკის პალმების გენეტიკურ მონაცემთა ბაზას შეადარეს. ნათელი გახდა გენეტიკური მასალების მიმოცვლა ახლო აღმოსავლეთის აღმოსავლურ ფინიკის პალმებსა და ჩრდილოეთ აფრიკის დასავლურ ფინიკის პალმებს შორის.

ეს კი მიუთითებს სოფლის მეურნეობის დახვეწილ პრაქტიკაზე — განზრახ შეჯვარებაზე სასურველი თვისებების მქონე ხეების გამოსაყვანად.

მკვლევართა განმარტებით, ეს ხილი აღწერილია კლასიკური ხანის ისეთ წარმომადგენელთა მიერ, როგორებიც იყვნენ ჰეროდოტე, თეოფრასტე, გალენოსი, სტრაბონი, პლინიუს უფროსი და იოსებ ფლავიუსი; ისინი აღწერდნენ პლანტაციებს, რომლებშიც მოჰყავდათ დიდი ზომის, ნოყიერი, სასარგებლო, ტკბილი ფინიკის პალმები; თანაც, ნაყოფი საკმაოდ დიდხანს ინახებოდა, რაც მის რომის იმპერიაში ექსპორტის საშუალებასაც იძლეოდა.

ანტიკურ მწერალთა მიხედვით, იუდეის ფინიკის ზოგიერთი სახეობის ნაყოფი სიგრძეში 11 სანტიმეტრიც იყო.

მართლაც, მკვლევართა მიერ აღმოჩენილი უძველესი თესლები დღევანდელ თესლებზე 30 პროცენტით დიდი იყო; შესაბამისად, უფრო დიდი უნდა ყოფილიყო ნაყოფიც.

ამ ყველაფერის შემდეგ, რა თქმა უნდა, გასაოცარია თესლების აღმოცენება ამდენი საუკუნის შემდეგ. ვისაც დღეს ბაღი ან ბოსტანი აქვს, ყველამ იცის, რომ დროთა განმავლობაში თესლები ფუჭდება.

თუ მეცნიერებმა შეძლეს იმის დადგენა, როგორ შეინარჩუნა ფინიკის პალმის თესლებმა სიცოცხლისუნარიანობა ამდენი საუკუნის განმავლობაში, შესაძლოა, ამ აღმოჩენამ დიდი გავლენა მოახდინოს სოფლის მეურნეობაზე.

ფინიკის პალმის ერთ დროს დიდებული კორომები რომის იმპერიის დაცემის შემდეგ თანდათან შესუსტდა. მკვლევართა აზრით, იუდეის ფინიკის პალმა, სავარაუდოდ, მაინც მოჰყავდათ მე-11 საუკუნემდე, მაგრამ უკვე მე-19 საუკუნისთვის, ეს სახეობა დანამდვილებით გამქრალია.

სასიხარულოა ისიც, რომ ეს სახელგანთქმული პალმები შესაძლოა, კვლავ დაბრუნდეს, სულ მცირე, სამეცნიერო მიზნებისთვის მაინც.

კვლევა ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია advances.sciencemag.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.