შეეგებეთ უცნაურ ხილს, რომელიც შესაძლოა, მალე მარწყვის მსგავსად პოპულარული გახდეს
შეეგებეთ უცნაურ ხილს, რომელიც შესაძლოა, მალე მარწყვის მსგავსად პოპულარული გახდეს

მისი სახელი არც ისე მადისაღმძვრელია — მიწის ალუბალი. შესაძლოა, ამ ხილის შესახებ არც არასოდეს გსმენიათ, მაგრამ შეიძლება, სულ მალე ის სუპერმარკეტების ერთ-ერთი მთავარი პროდუქტი გახდეს.

მიწის ალუბალი მეცნიერებმა სატესტოდ გამოიყენეს ექსპერიმენტში, რათა ეჩვენებინათ, როგორ შეიძლება დააჩქაროს CRISPR-ის გენომის რედაქტირების ტექნიკამ ველური მცენარეების მოშინაურების პროცესი.

მიწის ალუბალი (Physalis pruinosa) ფიზალისის გვარისაა და მისი სამშობლო ცენტრალური და სამხრეთ ამერიკაა. მეცნიერთა დახმარების გარეშე, მას ძალიან დიდი დრო დასჭირდებოდა სოფლის მეურნეობაში ადგილის დასამკვიდრებლად.

მიზეზი ის არის, რომ მისი გაზრდა ძალიან ძნელია და ხილი ბუდიდან მიწაზე სპორადულად ცვივა, ხშირად მომწიფებამდეც კი. შესაბამისად, ძალიან რთულია მისი დიდ ფართობზე კულტივაცია.

მცენარეთა მოშინაურების ტრადიცული გზით ამ თვისების შეცვლას ათწლეულები, საუკუნეები ან უფრო მეტი დასჭირდებოდა.

მაგრამ CRISPR-ის გამოყენებით ეს პროცესი გაცილებით ჩქარია. ახალი კვლევის ფარგლებში, მკვლევრებმა აჩვენეს, რომ ზუსტი გენეტიკური რედაქტირების შედეგად, მოშინაურების პროცესი შეიძლება, მხოლოდ რამდენიმე წელიწადს გაგრძელდეს.

კვლევის ავტორი, ზაქარი ლიპმენი დარწმუნებულია, რომ სწორი მიდგომის შემთხვევაში, მიწის ალუბალი ერთ-ერთი მთავარი კენკრა გახდება.

ჰოვარდ ჰიუგსის სამედიცინო ინსიტუტისა და ბოის ტომპსონის ინსტიტუტის მკვლევრებთან ერთად, ლიპმენმა მოახდინა მიწის ალუბლის გენომის სეკვენსირება და CRISPR-ის გამოყენებით მისი გენები დაამუშავა.

ამის შემდეგ, მას იმ ჰორმონზე გავლენის მოხდენის საშუალება მიეცა, რომელიც ყვავილობას აკონტროლებს. შედეგად, მცენარე უფრო კომპაქტური გახდა და ხილი არა ინდივიდუალურად, არამედ კუნწულებად დაისხა.

კიდევ ერთი მანიპულაციის შედეგად, უფრო მკვრივი გახადეს თავად ხილი, მესამე მოდიფიკაციის გზით კი გაზარდეს ნაყოფის ზომა და რაოდენობა.

ლიპმენის თქმით, ამავე გზით შესაძლებელია სხვა ველური ან ობოლი მცენარეების ისე რედაქტირება, რომ ისინი სოფლის მეურნეობაში გამოსადეგი გახდეს.

მართალია, კვლევამ უკვე დადო საოცარი შედეგები, მაგრამ ჯგუფს მიწის ალუბალზე მუშაობა ჯერ არ დაუსრულებია.

შემდეგ ეტაპზე, მკვლევრები ხილის არომატისა და ფერის შეცვლას გეგმავენ. ამჟამად, ველურ მიწის ალუბალს ტროპიკული, მომჟაო გემო და არასასიამოვნო სუნი აქვს. როგორი გახდება მისი გემო მომავალში, ჯერ არავინ იცის.

მიწის ალუბალზე მანიპულირებისთვის, მკვლევრებმა გამოიყენეს მიდგომა, რაც მათ უკვე იციან პომიდვრის გენომის, გენებისა და იმ მუტაციის შესახებ, რომელიც მისი ნაყოფის ზრდას აკონტროლებს.

კვლევა ჟურნალ Nature Plants-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია cshl.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.