მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა სამხრეთ ჩინეთში შემთხვევით აღმოაჩინა ხმელეთის უძველესი ნამარხი ამ დრომდე ნაპოვნთა შორის, სამჯერ უფრო ძველი, ვიდრე ამ დროისათვის ცნობილი უძველესი დინოზავრის ნამარხი.
კვლევა გრძელდება და აღმოჩენის დამოუკიდებლად დასადასტურებლად საჭიროა უფრო მეტი დაკვირვება; მიუხედავად ამისა, საერთაშორისო ჯგუფი ირწმუნება, რომ ძაფის მსგავსი ეს უძველესი ორგანიზმი ძლიერ ჰგავს სოკოს.
რაც არ უნდა იყოს, ეუკარიოტი დაახლოებით 635 მილიონი წლის წინ არის განმარხებული, ზუსტად მაშინ, როდესაც დედამიწა ყინულის გლობალური გამყინვარების ხანიდან გამოდიოდა.
გამყინვარების ამ მასიური მოვლენის დროს, ჩვენი პლანეტა ერ დიდ თოვლის გუნდას ჰგავდა, მისი ოკეანეები 0,6 კილომეტრზე სქელი ყინულით იყო დაფარული. შემდეგ, გაურკვეველ მიზეზთა გამო, დედამიწამ გადნობა დაიწყო და სიცოცხლეს პირველად მიეცა ხმელეთზე გაფურჩქვნის შესაძლებლობა.
ახალი სივრცის ამთვისებელ სიცოცხლის ფორმებს შორის, სოკოები შეიძლება პირველები იყვნენ. ახლად აღმოჩენილ მიკრონამარხთა ასაკი არსებითად მხარს უჭერს ახლახან გაჩენილ იდეას, რომლის მიხედვითაც, სოკოს მსგავსმა ორგანიზმებმა ხმელეთზე სიცოცხლე მცენარეებზე უფრო ადრე ამოიტანეს.
უფრო მეტიც, შეიძლება სწორედ ასეთი გადაადგილება დაეხმარა ჩვენს პლანეტას ამ კატასტროფული გამყინვარების ხანისგან თავის დაღწევაში.
„თუ ჩვენი ინტერპრეტაცია სწორია, დიდად დაგვეხმარება პალეოკლიმატური ცვლილებისა და სიცოცხლის ადრეული ევოლუციის გაგებაში“, — ამბობს ვირჯინიის ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებათა კოლეჯის გეობიოლოგი ტიან განი.
სოკოების ადრეული ევოლუცია ამ დრომდე დიდ საიდუმლოდ რჩება, დიდწილად იმიტომ, რომ ამ ორგანიზმებს არც ძვლები ჰქონდათ და არც გარსი, რომ ადვილად განმარხებულიყვნენ. არც ისე დიდი ხნის წინ, ბევრი მეცნიერი იმასაც არ ფიქრობდა, რომ სოკოების ნამარხების ასე დიდხანს შემორჩენა შესაძლებელი იყო.
თანამედროვე სოკოების გენომი მიუთითებს, რომ მათი საერთო წინაპარი მილიარდზე მეტი წლის წინ არსებობდა, გამოცალკევდა იმ დროის ცხოველებისგან, მაგრამ სამწუხაროდ, სოკოების აშკარა ნამარხები გეოლოგიურ ჩანაწერებში მხოლოდ 600 მილიონი წლის შემდეგღა გამოჩნდა.
ბოლო წლებში, ამ ნაპრალის ამოვსებაში დაგვეხმარა დამაინტრიგებელ და საკამათო აღმოჩენათა მთელი სერია.
2019 წელს, მეცნიერებმა კანადაში აღმოაჩინეს სოლოს მსგავსი ნამარხი, რომელიც მილიარდი წლის წინ არის განმარხებული მდინარის ესტუარში. აღმოჩენის მნიშვნელობა უზარმაზარი იყო, კერძოდ კი ის, რომ სოკოების საერთო წინაპარი შეიძლება იმაზე გაცილებით ადრე არსებობდა, ვიდრე მცენარეთა საერთო წინაპარი.
2020 წელს, სოკოს მსგავსი ასეთივე ნამარხი აღმოაჩინეს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაშიც; ის ლაგუნაში ან ტბაშია განმარხებული 810-715 მილიონი წლის წინ.
კვლავ სადავო რჩება, იყო თუ არა ეს უძველესი ორგანიზმები მართლაც სოკოები. ეჭვგარეშეა რომ ჩინეთში აღმოჩენილი მიკრონამარხების ირგვლივაც ასეთი დებატები დაიწყება. მას შემდეგ, რაც ამ ორგანიზმთა მახასიათებლები სხვა ნამარხებისა და სიცოცხლის ფორმებისას შეადარეს, ავტორები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ის ეუკარიოტია და „სავარაუდოდ სოკო“.
„გვსურს, რომ საკითხი ღიად დავტოვოთ სხვა შესაძლებლობებისთვის. თუმცა, ამ მომენტისათვის, ჩვენს შორის ყველა თანხმდება, რომ ისინი სოკოებია და ეს ინტერპრეტაცია ამ დროისათვის საუკეთესოა“, — ამბობს კვლევის ავტორი, ვირჯინიის ტექნიკური უნივერსიტეტის გეოფიზიკოსი შუჰაი სიაო.
თუ ასეა, ახალი აღმოჩენა უფრო მეტ მტკიცებულებას გვაძლევს იმის შესახებ, რომ სოკოს მსგავსი ორგანიზმები ხმელეთზე მცენარეებზე უფრო ადრე გამოჩნდა.
„კითხვა უნდა დავსვათ ასე — გამოჩნდა თუ არა ხმელეთის სამეფოში სოკოები მცენარეებზე ადრე? ვფიქრობ, ჩვენი კვლევა მიუთითებს, რომ დიახ“, — აღნიშნავს სიაო.
ისმის მეორე კითხვაც: როგორ გადარჩნენ სოკოები?
დღეისათვის, ხმელეთის სოკოების მრავალ სახეობას ფოტოსინთეზი არ შეუძლია. შესაბამისად, ისინი დამოკიდებული არიან სიმბიოზურ ურთიერთობაზე მცენარეთა ფესვებთან, ქანებიდან ამოღებულ წყალსა და სხვა საკვებ ნივთიერებებში ნახშირწყლებს მიმოცვლიან.
მიჩნეული იყო, რომ ამ ურთიერთობის გამო, ხმელეთზე მცენარეები და სოკოები ერთდროულად გამოჩნდა. თუმცა, უძველესი სახმელეთო ნამარხი მხოლოდ 470 მილიონი წლისაა.
ახლად აღმოჩენილი სოკოს მსგავსი ნამარხები ამაზე გაცილებით ძველია და მათ სამხრეთ ჩინეთში, დოუშანტოს ფორმაციაში, დოლომიტის ქანებში, კირქვებში არსებულ პატარა ღრმულებში მიაგნეს.
ქანები, რომლებშიც ნამარხები აღმოაჩინეს, დაახლოებით 635 მილიონი წლის წინ არის დალექილი, თოვლის გუნდა დედამიწის გადნობის შემდეგ. აღებული ელემენტების შესწავლის საფუძველზე, მკვლევრები ეჭვობენ, რომ კირქვის ფენებს შორის არსებული ღრმულების ამოვსება კარბონატულმა ცემენტმა დაიწყო და იქ არსებული მიკროორგანიზმები ჩამარხა.
შესაძლებელია ისიც, რომ ეს სოკოს მსგავსი სიცოცხლის ფორმები ხმელეთის სხვა მიკროორგანიზმთა გვერდით ცხოვრობდნენ, რომლებიც იმ დროისათვის შეიძლება ასევე ფართოდ იყვნენ გავრცელებული, მაგალითად, ციანობაქტერია ან მწვანე წყალმცენარეები.
თუ სოკოს მსგავსი ცხოველები ყველგან თანაბრად იყვნენ გავრცელებული, მაშინ შესაძლებელია, რომ სიცოცხლის ამ ფორმებმა ქიმიური გამოფიტვა დააჩქარეს, ზღვებს ფოსფორი მიაწოდეს და საზღვაო გარემოში ბიოპროდუქტიულობის ტალღა გამოიწვიეს.
ხმელეთზე კი, ქანებიდან ნახშირბადის მოხმარებისას ამოსწიეს თიხა მინერალებიც, რასაც ნოყიერი გარემო უნდა შეექმნა მცენარეებისა და ცხოველებისთვის; სავარაუდოდ, ეს შეცვლიდან ჩვენი პლანეტის პირველყოფილ ატმოსფეროსაც.
გამომდინარე აქედან, დოუშანტოს სოკოს მსგავსმა მიკროორგანიზმებმა, როგორი ფარულებიც არ უნდა ყოფილიყვნენ, შეიძლება გარკვეული როლი შეასრულეს ატმოსფეროს ჟანგბადით შევსებაში და ბიოსფეროს ევოლუციაში კრიოგენული გლობალური გამყინვარების ბოლო ფაზის შემდეგ“, — ასკვნიან კვლევის ავტორები.
კვლევა ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.