აღმოჩენილია სამყაროს უდიდესი სტრუქტურა ამ დრომდე ცნობილთა შორის — #1tvმეცნიერება
ასტრონომებმა სამყაროში ჩვენთვის ცნობილთა შორის უდიდესი სტრუქტურა აღმოაჩინეს. ის 1,4 მილიარდი სინათლის წლის მანძილზეა გადაჭიმული და თითქმის 70 გალაქტიკურ სუპერგროვას შეიცავს. ამავე დროს, ის ასობით ათასჯერ უფრო მასიურია, ვიდრე რომელიმე ერთეული გალაქტიკა, მაგალითად, ირმის ნახტომი.
გერმანიის მაქს პლანკის ფიზიკის ინსტიტუტის მკვლევარმა ჰანს ბიოჰრინგერმა და მისმა კოლეგებმა ამ კოსმოსურ სტრუქტურას კიპუ უწოდეს; კიპუ ინკების თვლის სისტემა იყო და წარმოადგენდა კვანძებიან თოკს. ბიოჰრინგერმა ეს თოკები ჩილეში, სანტიაგოს მუზეუმში ნახა, როცა ის ევროპის სამხრეთულ ობსერვატორიაში (ESO) მუშაობდა. სწორედ მაშინ იფიქრა, რომ ეს თოკები ძლიერ ჰგავდა ამ კოსმოსურ სტრუქტურას — ჰქონდა სქელი მთავარი სექცია და რამდენიმე თხელი, განშტოებითი სექციები.
დიდ მანძილებზე, გალაქტიკები გროვებად ერთიანდებიან, რომლებიც თავის მხრივ, კიდევ უფრო დიდ სუპერგროვებად ჯგუფდებიან. რამდენიმე ასეთი სუპერგროვა ასტრონომებს აქამდეც ჰქონდათ აღმოჩენილი და დადგენილი, რომ ხშირად, ისინი ერთმანეთს რკალებად ან კედლებად უკავშირდებიან, როგორიც არის მაგალითად, სლოუნის დიდი კედელი ან ლანიაკეას სუპერგროვა, რომლებიც აქამდე სამყაროში ჩვენთვის ცნობილ უდიდეს სტრუქტურებად ითვლებოდა.
„ერთი ბოლოდან მეორემდე, კიპუს სუპერსტრუქტურა სლოუნის დიდ კედელზე ოდნავ დიდია“, — ამბობს პრინსტონის უნივერსიტეტის მკვლევარი რიჩარდ გოტი.
კიპუს საპოვნელად, ბიოჰრინგერმა და მისმა ჯგუფმა გერმანიის რენტგენული თანამგზავრის, ROSAT-ის მონაცემები შეისწავლეს. ეძებდნენ დედამიწიდან რამდენიმე მილიონი სინათლის წლით დაშორებულ გალაქტიკათგროვებს. გაარკვიეს, რომელი მათგანი შეიძლება ყოფილიყო უფრო დიდი სტრუქტურის ნაწილი; ამისათვის კი გამოიყენეს ალგორითმი, რომელიც განსაზღვრავს იმ მაქსიმალურ მანძილს, რომლითაც თითოეული გროვა მეორისგან შეიძლება იყოს დაშორებული.
„ეს სტრუქტურა ძლიერ აშკარად გამოიკვეთა. მყისიერად მოგვჭრა თვალი“, — ამბობს ბიოჰრინგერი.
წარსულში აღმოჩენილმა ასეთმა დიდმა სტრუქტურებმა გააჩინა არგუმენტები კოსმოლოგებს შორის, რომელთა განცხადებითაც, ისინი იმდენად დიდია, რომ ეწინააღმდეგებიან ერთ-ერთ ფუნდამენტურ შეხედულებას სამყაროს შესახებ, რომელსაც კოსმოლოგიური პრინციპს უწოდებენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ძლიერ შორ მანძილზე, სამყარო თანაბრად უნდა ვრცელდებოდეს ყველა მიმართულებით.
ამ პრინციპს უნდა ეწინააღმდეგებოდეს არათანაბრად შეჯგუფებული კოსმოსური სუპერგროვები. თუმცა, ბიოჰრინგერი ასეთ პრობლემას ვერ ხედავს და ირწმუნება, რომ საჭიროა სამყარო კიდევ უფრო დიდ მასშტაბებში განვიხილოთ; ამას გარდა, ასეთი კოსმოსური სტრუქტურები ყველაზე ზუსტ კოსმოლოგიურ სიმულაციებშიც ჩნდება. დ
ბრიტანეთის ცენტრალური ლანკაშირის უნივერსიტეტის მკვლევრის, ალექსია ლოპესის განცხადებით, დაბნეულობის მიზეზი ნაწილობრივ არის კოსმოლოგიური პრინციპის გაურკვეველი განსაზღვრება.
„ჯერ არ არსებობს კოსმოლოგიური პრინციპის ერთი განსაზღვრება, რომელსაც ყველა კოსმოლოგი ეთანხმება“, — ამბობს იგი.
მაგალითად, ზოგიერთი კოსმოლოგი ირწმუნება, რომ სამყარო უბრალოდ ერთნაირად უნდა გამოიყურებოდეს იმაზე დიდ მანძილებზე, ვიდრე ჩვენ მიერ დანახული ყველაზე დიდი სტრუქტურები მდებარეობს. ზოგიერთი კი ამბობს, რომ სამყარო ერთნაირად უნდა გამოიყურებოდეს მანძილებზე, მაგრამ ამას ეჭვქვეშ აყენებს ასეთი დიდი სტრუქტურები.
პორტსმუთის უნივერსიტეტის მკვლევრის, სეშადრი ნადათურის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს სტრუქტურა ერთი ობიექტის სახით ჩანს, უცნობია, არის თუ არა გრავიტაციულად ერთმანეთთან მიბმული მასში შემავალო გროვები, რისი დამტკიცებაც პრობლემური იქნება სამყაროს გაფართოების გამო.
„ზოგიერთი ეს გალაქტიკა, შერწყმის ნაცვლად, შეიძლება ერთმანეთს დაშორდა; და თუ ასეა, როგორც ამას ზოგიერთი ინტერპრეტაცია მიუთითებს, ეს სტრუქტურა შეკრული ნამდვილად ვერ იქნება“, — აღნიშნავს ნადათური.
კვლევა ხელმისაწვდომია სერვერზე arXiv.
მომზადებულია New Scientist-ის მიხედვით.