აღმოჩენილია პატარა ცხოველის ნამარხი, რომელიც ძროხების, ღორებისა და ირმების წინაპარი უნდა ყოფილიყო — #1tvმეცნიერება
გაიცანით ახლად აღმოჩენილი სახეობა, სახელად Militocodon lydae. ეს პატარა ძუძუმწოვარი სულ რაღაც 455 გრამი უნდა ყოფილიყო და მეცნიერთა აზრით, ის დღევანდელი ჩლიქოსანი ცხოველების წინაპარია.
ეს ცხოველი დაახლოებით 65 მილიონი წლის წინ ბინადრობდა. გამოჩნდა დინოზავრების გადაშენებიდან მალევე. მეცნიერებმა მისი იდენტიფიცირება კოლორადოს შტატში აღმოჩენილი თავის ქალისა და ყბის ძვლის ნაწილების საფუძველზე შეძლეს.
მკვლევართა განცხადებით, ეს არსება ავსებს მნიშვნელოვან ნაპრალებს ჩვენს ცოდნაში ადრეული ძუძუმწოვრების ოჯახის, სახელად პერიპტიქიდების შესახებ, რომლებიც დინოზავრების გადაშენების შემდეგ გამოჩნდნენ.
„M. lydae-ს თავის ქალის ნაწილის აღმოჩენა და საფუძვლიანი აღწერები და შედარებები წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს პერიპტიქიდი ძუძუმწოვრების კომპლექსური ევოლუციური ისტორიის შესწავლისაკენ“, — წერს კვლევის ავტორი, კენტის სახელმწიფო უნივერსიტეტის პალეონტოლოგი ლუკას ვეავერი და მისი კოლეგები.
ეგზემპლარის პოვნისა და გასუფთავების შემდეგ, ჯგუფმა სკანირების დახვეწილი მეთოდები, 3D რეკონსტრუქციები და კბილების შედარება გამოიყენა (შეადარეს სხვა ნამარხებისა და თანამედროვე ცხოველთა კბილებს), რათა M. lydae ევოლუციური ხის სწორ ადგილას მოეთავსებინა.
კვლევის საკვანძო ნაწილი იყო მტკიცებულება იმისა, რომ ცხოველის კბილები გამოყენებული იყო უფრო საჭრელად და სამტვრევად, ვიდრე საღეჭად. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ამ პატარა არსებისგან უნდა წარმოქმნილიყვნენ ძროხები, ღორები და ირმები.
ბოლო რვა წლის განმავლობაში, მეცნიერებს M. lydae-ს მხოლოდ რამდენიმე ნამარხი აქვთ აღმოჩენილი; შესაბამისად, დამატებითი აღმოჩენები და კვლევებია საჭირო, რათა დადასტურდეს, რომ ეს პატარა არსება მართლაც ისაა, რაც მეცნიერებს ჰგონიათ.
„ადრეული პალეოცენის ჩლიქოსანთა აღმოჩენისა და კვლევის გაგრძელება უდავოდ მოგვცემს კიდევ უფრო მეტ ეგზემპლარს, რომლებიც სუფთად ვერ მოთავსდება არსებულ ტაქსონომიურ ყუთებში, რაც გვაიძულებს, დავუპირისპირდეთ ევოლუციურ ისტორიას, რაც ჩახლართულია ევოლუციურ კლასებსა და გარდამავალ ფორმებში“, — წერენ მკვლევრები.
ყოველი ახალი ნამარხის აღმოჩენა მკვლევრებს უნიკალურ ცნობებს აწვდის დედამიწაზე მიმდინარე ევოლუციის შესახებ.
პირდაპირ დინოზავრების გადაშენების შემდეგ პერიოდში ცხოველთა ევოლუციის კვლევა დიდ სირთულეს წარმოადგენს, რადგან საკმაოდ მწირია იმ პერიოდის ნამარხები. კოლორადოში არსებულ ძეგლ კორალ-ბლაფს, სადაც ეს ნამარხიც აღმოაჩინეს, მეცნიერები უკვე ათწლეულებია თხრიან და ამ პრობლემის გადაჭრაში სულ უფრო დიდი წვლილი შეაქვს.
ამ პერიოდში ცხოველთა სამეფოში სწრაფი და ყოვლისმომცველი დივერსიფიკაცია მიმდინარეობდა, განსაკუთრებით ძუძუმწოვრებში. დინოზავრების მკვლელი ასტეროიდის დაცემის შემდეგ, ბევრ ცხოველს, მათ შორის M. lydae-ს აყვავების შანსი მიეცა.
კვლევა Journal of Mammalian Evolution-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.