ახალი მტკიცებულება მიუთითებს, რომ ადამიანები ჩრდილოეთ ამერიკაში უკვე იყვნენ იმაზე გაცილებით ადრე, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა — სულ მცირე 7000 წლით ადრე.
ნიუ-მექსიკოს შტატში, თეთრი ქვიშების ეროვნული პარკის ერთ-ერთ უძველეს, დამშრალი ტბის ფსკერზე აღმოაჩინეს გაქვავებული ნაფეხურები, რომლებიც 23 000 წლის წინანდელია, ანუ, ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის უძველესი მთელ ჩრდილოეთ ამერიკაში.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ კონტინენტის სამხრეთ ნაწილში ადამიანები უკვე ცხოვრობდნენ ბოლო გამყინვარების პიკში. აღმოჩენა თავდაყირა აყენებს აქამდე არსებულ წარმოდგენას იმის შესახებ, როდის და როგორ გადაადგილდნენ უძველესი ადამიანები სამხრეთით.
აქამდე მიიჩნეოდა, რომ პირველი ადამიანები ჩრდილოეთ ამერიკაში 26 500 – 19 000 წლის წინ გადავიდნენ აზიიდან, სახმელეთო „ხიდით“, რომელიც თანამედროვე ციმბირსა და ალასკას შორის არსებობდა.
ამ თეორიის მიხედვით, ისინი არქტიკის მიდამოებში უნდა დასახლებულიყვნენ, რადგან ყინულის ფენები, რომლებიც ამჟამინდელ კანადას ფარავდა, მათ გზას უხერგავდა და სამხრეთისკენ წასვლას შეუძლებელს ხდიდა.
ამის შემდეგ, როდესაც მყინვარები დადნა, დაახლოებით 16 000 – 13 500 წლის წინ, დაიწყო მიგრაცია სამხრეთ ამერიკის მიმართულებით.
„თუმცა, ახალი აღმოჩენა ჩრდილოეთ ამერიკაში ადამიანთა ყოფნაზე გადაჭრით მიუთითებს იმ პერიოდში, როდესაც ყინულის კედლებს სამხრეთის გზები მჭიდროდ ჰქონდათ ჩახერგილი“, — ამბობს ინგლისის ბორნმუთის უნივერსიტეტის პალეოგლაციოლოგი სალი რეინოლდსი.
მისი განცხადებით, დიდი ალბათობით, ადამიანებმა სამხრეთისკენ მრავალ სხვადასხვა ტალღად წავიდნენ და ერთი ასეთი ტალღა ბოლო გამყინვარებამდეც დაიძრა. არ არის გამორიცხული, მათ წყნარი ოკეანის სანაპიროს გასწვრივ, საწყლოსნო გზაც გამოეყენებინათ.
ახალი კვლევა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა და ასევე აღწერს ახლომახლოს აღმოჩენილ მამონტების, მგლებისა და მიწის გიგანტური ზარმაცების ნაფეხურებს. უძველესი ადამიანი ყველა ამ არსებაზე ნადირობდა.
რეინოლდსის ჯგუფმა 21 000 – 23 000 წლებს შორის წინანდელი პერიოდის ადამიანის 60 ნაფეხური იპოვა. ნაკვალევთა ასაკი მეცნიერებმა ნაფეხურებს შორის, ტბის დანალექებში ჩაჭყლეტილი წყალმცენარის მიკროსკოპული თესლების დათარიღებით დაადგინეს.
ამ ეტაპზე, ეს ნაფეხურები უძველესია ამერიკის კონტინენტზე აღმოჩენილთა შორის.
ნაფეხურების უმეტესობა მოზარდებსა და ბავშვებს ეკუთვნის; სავარაუდოდ, ისინი იქ თამაშობდნენ, როდესაც მათი მშობლები ნადირობდნენ ან ხილს აგროვებდნენ.
რეინოლდსის განცხადებით, აქამდე მიიჩნეოდა, რომ ადამიანებმა ჩრდილოეთ ამერიკის ათვისება ყველაზე ადრე 16 000 წლის წინ დაიწყეს.
ერთადერთი მინიშნება, რომ ადამიანები იქ უფრო ადრე მივიდნენ, არის მექსიკის ერთ მიყრუებულ მღვიმეში აღმოჩენილი ქვის იარაღები და არტეფაქტები. არქეოლოგთა შეფასებით, ამ არტეფაქტების მიმდებარე დანალექები 32 000 წლის წინანდელია, მაგრამ როგორც ამბობენ, დათარიღების ასეთი მეთოდი ზუსტი არ არის. დროთა განმავლობაში ნივთი დანალექთა ფენაში შეიძლება მაღლიდან დაბლისკენ გადადგილდეს. ამ დროს კი, ნაფეხურები მიწაზეა ფიქსირებული.
რეინოლდსის განცხადებით, უცნობია, როგორ გადალახეს ყინულის ბარიერი ადამიანებმა ამ ადგილამდე მოსასვლელად, მაგრამ არსებობს რამდენიმე თეორია.
ერთ-ერთი ასეთი თეორიის მიხედვით, ისინი დასავლეთ სანაპიროს ყინულისგან თავისუფალ დერეფანს გამოუყვნენ. კიდევ ერთი თეორიის მიხედვით კი ნავებით გადაადგილდნენ.
თეთრი ქვიშების ეროვნული პარკი სხვა საოცარი აღმოჩენებითაც გამოირჩევა. სამი წლის წინ, მეცნიერებმა იქ 15 500 წლის წინანდელი ადამიანებისა და ცხოველების ნაფეხურები აღმოაჩინეს. ნაკვალევი მტაცებელსა და მსხვერპლს შორის გამართულ ეპიკურ ბრძოლაზე მიუთითებდა — ადამიანი გიგანტურ ზარმაცას მისდევდა.
მიწის გიგანტური ზარმაცები დაახლოებით 12 000 წლის წინ გადაშენდნენ. დაახლოებით იმავე პერიოდში გადაშენდა პლანეტის დიდტანიან ცხოველთა 90 პროცენტი. მათ შორის იყვნენ მასტედონტები, პრეისტორიული ცხენები, უძველესი გიგანტური ჯავშნოსნები.
მრავალი არქეოლოგის აზრით, ამერიკის კონტინენტის ადრეულმა ადამიანებმა უზარმაზარი როლი ითამაშეს მასობრივ გადაშენებაში, რადგან ამ ცხოველთა გადაშენება იქ ადამიანთა გამოჩენიდან რამდენიმე ათასწლეულში დაიწყო.
კვლევა Science-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.