აღმოჩენილია მოლეკულა, რომელიც პრეპარატებისადმი რეზისტენტულ 300-ზე მეტ ბაქტერიას ებრძვის — #1tvმეცნიერება
ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულობა ის დიდი პრობლემაა, რომლის დაძლევასაც მეცნიერები და ჯანდაცვის ორგანიზაციები აქტიურად ცდილობენ. სულ მალე, დახმარება შეიძლება გამოჩნდეს ახლად აღმოჩენილი მოლეკულის სახით, რომელიც ეფექტიანად აკონტროლებს პრეპარატებისადმი რეზისტენტულად ქცეულ ბაქტერიებს.
ამ მოლეკულას ფაბიმიცინი უწოდეს და მისი გამოყენება სავარაუდოდ შესაძლებელი უნდა იყოს იმ ყველაზე ჯიუტი ინფექციების წინააღმდეგ, რომლებიც შეიძლება ადამიანს შეხვდეს.
ახალი პოტენციური პრეპარატი მიზანში იღებს გრამუარყოფით ბაქტერიებს — ძნელად მოსაკლავ პათოგენთა ჯგუფს, რომლებიც ხშირად იწვევენ საშარდე გზების, ფილტვებისა და სისხლის მიმოქცევის ინფექციებს.
მათს ასეთ სიმტკიცეს განაპირობებს გარე მემბრანა, რომელიც კედელს ანტიბიოტიკების მსგავს ნივთიერებათა მიერ დაზიანებისგან იცავს. ინგლისის ერთ-ერთ ჰოსპიტალში ჩატარებული ერთი კვლევის მიხედვით, გრამუარყოფითი ბაქტერიების მიერ გამოწვეული სისხლის ინფექციების მქონე პაციენტთა მესამედზე მეტი ერთი წლის განმავლობაში დაიღუპა, რაც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ამ მტკიცე მიკრობთა მიერ გამოწვეული პრობლემის სირთულეს.
„ნაკლებად გამტარი შტამების გენომიკურმა კვლევებმა და ექსპერიმენტებმა გამოავლინა ის სხვადასხვა ბიოლოგიური სამიზნე, რომლებიც შეიძლება ჩავრთოთ გრამუარყოფით ბაქტერიათა მოკვლაში“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.
თუმცა, როგორც ისინი აცხადებენ, ამ პათოგენთა შესანიშნავი გარე მემბრანა და მოუწესრიგებელი გამონადენები, მრავალი კანდიდატი ანტიბიოტიკისთვის ამ სამიზნეებს მიუღწეველს ხდის.
ამ პრობლემათა დასაძლევად, ფაბიმიცინი უჯრედის გარე შრეში გაივლის და გვერდს უვლის უცხო მასალების გარეთ გამომქაჩველ ტუმბოს და მოლეკულა იქ აკუმულირდება, სადაც ყველაზე დიდი ზიანის მიყენება შეუძლია. სუბსტანცია ასევე არ იწვევს ზედმეტად ბევრი ჯანმრთელი ბაქტერიის მოსპობას, რაც ამჟამინდელ სამკურნალო საშუალებათა კიდევ ერთი პრობლემაა.
მკურნალობა დაიწყეს იმ ანტიბიოტიკით, რომლის ეფექტიანობაც ცნობილი იყო გრამდადებითი ბაქტერიების წინააღმდეგ; შემდეგ განახორციელეს რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება, რითაც მოლეკულას გრამუარყოფითი შტამის მძლავრი თავდაცვის გარღვევის ძალა მისცეს.
ცდებში ფაბიმიცინს ეფექტი ჰქონდა პრეპარატებისადმი რეზისტენტულ ბაქტერიათა 300-ზე მეტ ტიპზე. გარდა ამისა, პნევმონიის მქონე თაგვებში მან შეამცირა ბაქტერიების საზიანო ეფექტი, ასევე საშარდე გზების ინფექციის მიერ გამოწვეული ზიანი ინფექციამდელ პერიოდში მიღებამდე.
„თაგვების მოდელ ინფექციებში ნაჩვენები იმედისმომცემი აქტივობიდან და წამახალისებელი მონაცემებიდან გამომდინარე, რომელთა მიხედვითაც, ფაბიმიცინი დრამატულად უფრო სტაბილურია ვირთაგვებისა და ადამიანის პლაზმაში, გონივრულია გვჯეროდეს, რომ ფაბიმიცინის ეფექტიანობა შეიძლება გაიზარდოს თუკი მას უმაღლეს ორგანიზმებში გამოვიყენებთ ინფექციათა სამკურნალოდ“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.
გრამუარყოფით ბაქტერიათა წინააღმდეგ მოქმედი მოლეკულების აღმოჩენა ყოველდღიურად არ ხდება, შესაბამისად, ფაბიმიცინის ბიოსინთეზი იმედისმომცემი წინსვლაა.
რაც დრო გადის, სულ უფრო მეტს ვიგებთ გრამუარყოფით ბაქტერიათა შესახებ. ყველა ეს ინფორმაცია კი მათგან წამოსული საფრთხის შეჩერებაში გვეხმარება.
ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა იქამდე, ვიდრე ფაბიმიცინს რეალურ პრეპარატებში გამოიყენებენ, მაგრამ ნიშნები უკვე კარგია.
კვლევა ACS Central Science-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.