მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა ჩინეთში 70 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრების განმარხებული საბუდარი იპოვა, რომელშიც სულ მცირე რვა სხვადასხვა დინოზავრის ნაშთია.
განმარხებული კვერცხები საშუალო ზომის ოვირაპტორს ეკუთვნის, რადგან ბუდეში თავად დედა დინოზავრიც არის განმარხებული. სირაქლემას მსგავსი ამ თეროპოდის ჩონჩხი ოცზე მეტ კვერცხზე ზის; სულ მცირე შვიდი კვერცხი გამოჩეკვის პირას ყოფილა და შიგნით დღემდე შემორჩენილია ემბრიონები.
ასეთი უძველესი სცენა უპრეცედენტოა და გვთავაზობს იმის პირველ მყარ მტკიცებულებას, რომ დინოზავრები მზრუნველი მშობლები იყვნენ, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში დებდნენ კვერცხებს და ჩეკდნენ ნაშიერებს.
„ამ სახის აღმოჩენა, განსაკუთრებით განმარხებული ქცევა, უიშვიათესია დინოზავრებში. მართალია, რამდენიმე ოვირაპტორი ბუდეში კვერცხებთან ერთად აქამდეც არის აღმოჩენილი, მაგრამ კვერცხებში ემბრიონები არასოდეს გვიპოვია“, — ამბობს კარნეგის ბუნების ისტორიის მუზეუმის პალეონტოლოგი მეტ ლამანა.
1980-იანი წლებიდან დღემდე, პალეონტოლოგებმა დინოზავრთა მრავალი ბუდე აღმოაჩინეს განმარხებული კვერცხებით. ნაპოვნია კვერცხებზე მჯდარი მშობელი დინოზავრის ჩონჩხიც. ზოგიერთი ოვირაპტორის კვერცხი კი მიუთითებს, რომ ისინი მოლურჯო-მომწვანო უნდა ყოფილიყო.
თუმცა, პრობლემური რჩებოდა ქცევის დადგენა ნამარხების მიხედვით. თითქოს ყველაფერი მიუთითებს, რომ ოვირაპტორი მშობლები ნაშიერებს ბუდეებში ჩეკდნენ, მაგრამ ასევე შესაძლებელია, რომ ისინი კვერცხების დების ან დაცვის დროს იღუპებოდნენ და არა აუცილებლად ჩეკდნენ. უფრო ჰგავს ნიანგების ურთიერთობის მსგავსად თავიანთ ბუდეებთან და არა თანამედროვე ფრინველებივით.
აღმოჩენა სამხრეთ ჩინეთში, ქალაქ განჯოუს სიახლოვეს, ნანსიონგის გეოლოგიურ ფორმაციაში აღმოაჩინეს; ეს რეგიონი განთქმულია დინოზავრთა განმარხებული კვერცხების უდიდესი კოლექციით, მაგრამ მსგავსი რამ მეცნიერებს აქამდე აღმოჩენილი არ ჰქონდათ.
მშობელი დინოზავრისა და ემბრიონების ურთიერთობა ასე ახლოდან არასოდეს გვინახავს. ზრდასრული ოვირაპტორის სხეული კვერცხებთან ძალიან ახლოს არის, მათ შორის დანალექი ქანები თითქმის არ გვხდება.
სულ მცირე შვიდ კვერცხში შემორჩენილია ემბრიონული მასალა, მათ შორის, გაქვავებული ძვლები იდნტიფიცირებადი ფორმებით.
ერთ-ერთი კვერცხი სავარაუდოდ სრულყოფილ ჩონჩხსაც შეიცავს — ხერხემლით, ნეკნებით, მხრის ძვლებით, ოროვე თეძოთი და ბარძაყით, გამრუდებულ პოზიციაში მყოფი წვივებით.
ემბრიონების ჟანგბადის იზოტოპთა ანალიზის შედეგად, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ გამოჩეკვის სავარაუდო ტემპერატურა შესაბამისობაში იყო მშობლის სხეულის ტემპერატურასთან, დაახლოებით 30-38 გრადუს ცელსიუსს შორის.
„ამ ახალ ეგზემპლარში, პაწია დინოზავრები თითქმის მზად ყოფილან გამოსაჩეკად, რაც გამორიცხავს იმას, რომ ამ ოვირაპტორიდს ბუდე მიტოვებული ჰქონოდა. ეს დინოზავრი მზრუნველი მშობელი ყოფილა“, — განმარტავს ლამანა.
საინტერესოა, რომ ყველა ემბრიონი განვითარების ერთნაირ ეტაპზე არ არის. ეს იმაზე მიუთითებს, რომ კვერცხები შეიძლება სხვადასხვა დროს იჩეკებოდა; ასეთი მახასიათებელი გაცილებით გვიან გვხვდება, მხოლოდ ზოგიერთი ტიპის ფრინველში.
მიუხედავად იმისა, რომ ოვირაპტორებს ხშირად მიიჩნევენ ამ ევოლუციური პროცესის შუალედურ ეტაპად, როგორც ჩანს, ისინი შეიძლება დამოუკიდებლად გადაიხარნენ ერთდროულად გამოჩეკვიდან, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ფრინველთა რეპროდუქციის ევოლუცია სულაც არ იყო მარტივი ხაზოვანი პროცესი.
თანამედროვე ფრინველთა უმეტესობა ჯერ კვერცხებს აგროვებს და ინკუბაციას მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს (გამოჩეკვაში ზოგჯერ ორივე მშობელი მონაწილეობს), რაც სინქრონულ ჩეკვას განაპირობებს.
მიუხედავად იმისა, რომ ინკუბაციის დაწყებამდე ოვირაპტორებიც შეიძლება აგროვებდნენ კვერცხებს, ავტორები ვარაუდობენ, რომ ბუდეში ზემოთ მოთავსებული კვერცხები დედასთან ახლოს ყოფნის გამო შეიძლება უფრო სწრაფად ვითარდებოდა. თუმცა, ეს მხოლოდ მოსაზრებაა. იმის გასარკვევად, თუ რატომ იჩეკებოდა ზოგი კვერცხი სხვებზე ადრე, საჭიროა უფრო მეტი მონაცემი.
სხვა მხრივ, ოვირაპტორს თანამედროვე ფრინველთა მსგავსი თვისებები აქვს. მაგალითად, განმარხებული მშობელი შეიძლება მამრი იყო, რაც იმაზე მიუთითებს, რომ გამოჩეკვაში შეიძლება მამაც მონაწილეობდა, სირაქლემების მსგავსად.
მშობელი ოვირაპტორის სქესი ჯერ კიდევ განხილვის საგანია, მაგრამ იდეა კარგად ემთხვევა თეროპოდთა ბუდეების სხვა ანალიზებს, რომლებიც გარკვეული დონის მშობლურ მზრუნველობაზე მიუთითებს.
გარდა მთელი ამ რეპროდუქციული ინფორმაციისა, ეს გამორჩეული ნამარხი გარკვეულ ცნობებს გვაწვდის ოვირაპტორთა პოტენციური კვების რაციონის შესახებაც. პირველად ისტორიაში, ამ ტიპის დინოზავრის მუცელში მეცნიერებმა პატარა ქვები აღმოაჩინეს, რომლებსაც ისინი ალბათ საჭმლის მონელებაში დახმარებისთვის ყლაპავდნენ.
„ამაღელვებელია იმაზე ფიქრი, რამდენი ბიოლოგიური ინფორმაციაა შენახული ამ ერთ ნამარხში. ამ ეგზემპლარის კვლევას კიდევ მრავალ წელს მივუძღვნით“, — ამბობს პეკინის ხერხემლიანთა პალეონტოლოგიისა და პალეოანთროპოლოგიის ინსტიტუტის პალეონტოლოგი სინგ სუ.
კვლევა Science Bulletin-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია carnegiemnh.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.