2017 წელს აღმოჩენილი ეგზოპლანეტა ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი ადგილია მზის სისტემის მიღმა სიცოცხლის საძებნელად. ახალი კვლევის შედეგად, ის კიდევ უფრო იმედისმომცემი და გაცილებით უცნაური გახდა.
ნიშნები მიუთითებს, რომ ეგზოპლანეტა, სახელად LHS-1140b, ე. წ. „თვალის კაკალი“ პლანეტა უნდა იყოს — ყინულით დაფარული გლობალური ოკეანით და თვალის ფერადი გარსის (ირისი) მსგავსი ერთადერთი რეგიონით, რომელიც მუდმივად დედავარსკვლავისკენ არის მოქცეული.
„ამჟამად ცნობილ ყველა ზომიერ ეგზოპლანეტას შორის, LHS-1140b შეიძლება საუკეთესო კანდიდატი იყოს, რომლის ზედაპირზეც, ერთ მშვენიერ დღეს, არაპირდაპირი გზით დავაფიქსირებთ თხევად წყალს და ეს ამის პირველი შემთხვევა იქნება მზის სისტემის მიღმა. ეს კი უდიდესი საეტაპო მოვლენა იქნება სიცოცხლისათვის პოტენციურად ხელსაყრელ ეგზოპლანეტათა ძებნაში“, — ამბობს მონრეალის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი შარლ კადიო.
LHS-1140b სულ რამდენიმე წლის წინ აღმოაჩინეს. მისი რადიუსი დედამიწისას 1,73-ჯერ აჭარბებს, მასა კი 5,6-ჯერ. მართალია, ის ჩვენს პლანეტაზე დიდია, მაგრამ არც იმდენად, რომ კლდოვანი არ იყოს. ამას გარდა, საკუთარ ვარსკვლავს იმაზე გაცილებით ახლოდან უვლის გარშემო, ვიდრე დედამიწა მზეს — ერთ შემოვლას სულ რაღაც 25 დღეს ანდომებს.
მისი ვარსკვლავი რომ მზის მსგავსი იყოს, ეს მანძილი ძალიან ახლოს იქნებოდა სიცოცხლისთვის. სამაგიეროდ, ეს ვარსკვლავი ცივი, მკრთალი წითელი ჯუჯაა და შესაბამისად, ეგზოპლანეტა მის სასიცოცხლო ზონაში ექცევა. ასე უწოდებენ მანძილს ვარსკვლავიდან, სადაც არც იმდენად ცივა, რომ პლანეტის ზედაპირზე წყალი გაიყინოს და არც იმდენად ცხელა, რომ აორთქლდეს.
მიუხედავად ამისა, ასეთი სიახლოვის გამო, პლანეტა მოქცევით იქნება ჩაკეტილი. ანუ, მისი ბრუნვის პერიოდი ორბიტულ პერიოდს ემთხვევა და ვარსკვლავისკენ მუდმივად ერთი მხარეა მოქცეული, ზუსტად ისე, როგორც მთვარის ერთი მხარე დედამიწისკენ.
სასიცოცხლო ზონაში მდებარეობა ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ პლანეტაზე სიცოცხლისათვის საჭირო ყველა პირობაა. LHS-1140b-ის ქიმიური შემადგენლობის უკეთესად შესასწავლად, საჭიროა მის ატმოსფეროში შეხედვა, თუკი ასეთი საერთოდ აქვს. სწორედ ეს გააკეთეს კადიომ და მისმა კოლეგებმა ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის გამოყენებით.
ეს სისტემა ჩვენგან სულ რაღაც 50 სინათლის წლით არის დაშორებული, რაც საკმარისად ახლო მანძილია, რათა დეტალური ინფორმაცია შევაგროვოთ სინათლის იმ ცვლილების შესახებ, რაც ამ ეგზოპლანეტის თავის ვარსკვლავსა და ჩვენ შორის გავლისას ხდება. ვარსკვლავის სინათლის გარკვეული ნაწილი პლანეტის ატმოსფეროში გაივლის, რა დროსაც, ტალღის სიგრძეების ნაწილს ამ ატმოსფეროში არსებული ატომები შთანთქავს ან აძლიერებს. იმის გათვალისწინებით, თუ რომელ ტალღის სიგრძეებზე მოხდა ზემოქმედება, შესაძლებელია დადგინდეს, ზუსტად რომელი ატომებია ჩართული საქმეში.
ამით მკვლევრები დარწმუნდნენ აზოტის არსებობაში, რომელიც დედამიწის ატმოსფეროს ყველაზე დომინანტი ინგრედიენტია. LHS-1140b რომ უფრო გაზოვანი იყოს, პატარა ნეპტუნის მსგავსი, მას უფრო წყალბადით მდიდარი ატმოსფერო ექნებოდა. აზოტის არსებობა მიუთითებს მეორეულ ატმოსფეროზე — ისეთზე, რომელიც ეგზოპლანეტის დაბადების შემდეგ გაჩნდა და არა მასთან ერთად.
შარშან გამოქვეყნებულ კვლევაში, ჯგუფმა ასევე შეაჯერა LHS-1140b-ის სიმკვრივე და რადიუსი, რითაც მისი სიმკვრივე გამოთვალა. მიიღეს 5,9 გრამი კუბურ სანტიმეტრზე. ასეთი სიმკვრივე საკმარისი არაა, რომ ის მთლიანად ქვისგან წარმოქმნილი პლანეტა იყოს; მისი ზომიდან გამომდინარე, საუკეთესო ახსნაა ან მინი-ნეპტუნი, ან მთლიანად ოკეანით დაფარული წყლიანი პლანეტა. თუ მინი-ნეპტუნს გამოვრიცხავთ, გვრჩება გლობალური ოკეანით დაფარული ეგზოპლანეტა.
თუმცა, თუ გავითვალისწინებთ მოქცევით ჩაკეტვას, ეს გლობალური ოკეანე შეიძლება სულაც არ გამოიყურებოდეს ისე, როგორც შეიძლება ფიქრობდეთ. მუდმივად ვარსკვლავის საპირისპირო მხარეს მოქცეული გვერდი ცივი და გაყინული იქნება. მხოლოდ ვარსკვლავისკენ მოქცეული მხარის ერთი ნაწილი იქნება საკმარისად თბილი, რათა გალღვეს და შედეგად მივიღებთ კოსმოსში დაკიდებულ საზარელ „თვალის კაკალ“ პლანეტას.
ამ გამლღვალ მონაკვეთის ზედაპირზე ტემპერატურამ შეიძლება 20 გრადუს ცელსიუსს მიაღწიოს — რაც საკმარისია ზღვის ეკოსისტემის არსებობისთვის.
რა ხდება სინამდვილეში იქ, დაზუსტებით არ ვიცით, მაგრამ როგორც ჩანს, ეს პლანეტა მართლაც ამ დროისათვის ჩვენს ხელთ არსებული საუკეთესო კანდიდატია ჩვენს კოსმოსურ სამეზობლოში, სადაც შეიძლება არამიწიერი ეკოსისტემა არსებობდეს.
„ზომიერ პლანეტაზე დედამიწის მსგავსი ატმოსფეროს დაფიქსირება ჯეიმს ვებს მის შესაძლებლობათა მაქსიმუმამდე უბიძგებს. უბრალოდ, ამისათვის დაკვირვების ძალიან ბევრი დროა საჭირო. ამჟამინდელი მინიშნება აზოტით მდიდარი ატმოსფეროს შესახებ საჭიროებს დადასტურებას უფრო მეტი მონაცემით. საჭიროა სულ მცირე კიდევ ერთი წლის განმავლობაში დაკვირვება, რათა დადასტურდეს, რომ LHS 1140b-ს ატმოსფერო აქვს და ასევე, კიდევ 2-3 წელიწადი ნახშირორჟანგის დასაფიქსირებლადაც“, — ამბობს მონრეალის უნივერსიტეტის ფიზიკოსი რენე დოიონი.
კვლევა The Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდება, იქამდე კი ხელმისაწვდომია სერვერზე arXiv.
მომზადებულია umontreal.ca-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.