აღმოჩენილია გიგანტური გველის ნამარხი, რომელიც 47 მლნ წლის წინ ინდოეთის ჯუნგლებში ბინადრობდა — #1tvმეცნიერება
დასავლეთ ინდოეთში აღმოჩენილი ხერხემლიანის ნამარხის ახალი ანალიზი მიუთითებს გველის გიგანტურ სახეობაზე, რომლის სიგრძეც ზრდასრულობისას 11-15 მეტრამდე აღწევდა.
კვლევის ავტორები, ინდოეთის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ჯგუფი აცნობიერებს, რომ მათ შეფასებებში შეიძლება გაურკვევლობაც იყოს, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ახლად იდენტიფიცირებული რეპტილია, რომელსაც ვასუკი ინდიკუსი (Vasuki indicus) უწოდეს, ზომით შეიძლება დედამიწის ისტორიაში უდიდესი გველის, ტიტანობოას მსგავსი ყოფილიყო; ეს უკანასკნელი 58 მილიონი წლის წინ ბინადრობდა.
V. indicus-ი გველის დღევანდელ სახეობებზე გაცილებით დიდი იყო. ამჟამად არსებულთა შორის, ყველაზე გრძელი გველი დედამიწაზე 7,67 მეტრია.
მისი ნაშთები დასავლეთ ინდოეთში, გუჯარათის შტატში, ნამარხებით ცნობილ ნარედის ფორმაციაში აღმოაჩინეს. მისი სხეული უნდა განმარხებულიყო მლაშე ტბაში ან ლაგუნაში, ადრეული ეოცენის პერიოდში, 40 მილიონზე მეტი წლის წინ.
გასაოცარი სიგრძის გარდა, უძველესმა გველმა ასევე შეიძლება გაცილებით მეტი რამ გვითხრას ასეთი გიგანტი გველების ევოლუციის შესახებ. ნამარხის ზომების, ფორმისა და მახასიათებლების შეფასებით და შემდეგ მისი შედარებით სხვა ცნობილ სახეობებთან, მკვლევრებმა ეს გველი ამჟამად გადაშენებულ Madtsoiidae-ს ოჯახს მიაკუთვნეს.
„აღმოვაჩინეთ გიგანტური გველი, ერთ-ერთი უდიდესი ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის, რომელიც თბილ, შუა ეოცენის პერიოდს (47 მლნ წლის წინ) ეკუთვნის“, — წერენ მკვლევრები.
გეოგრაფმა დებაჯიტ დატამ და პალეონტოლოგმა სუნილ ბეჯპაიმ შეისწავლეს ხერხემლის 27 მალის ნამარხი, რომელთა სიგრძეც 62,7 მილიმეტრამდე იყო, სიგანე კი 111,4 მილიმეტრამდე. ერთობლივად, ეს ნამარხები, უძველესი გველების სხვა წინა კვლევებთან ერთად მიუთითებდა ფართო, ცილინდრულ სხეულზე.
როგორც გველის ხერხემლის მახასიათებლებზე დაყრდნობით ირკვევა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მას დროის დიდი ნაწილი წყალში ან ხეებზე გაეტარებინა. ყველაზე დიდი ალბათობით, V. indicus-ი ნელა მოძრავი გველი იყო, რომელიც მსხვერპლს ჩასაფრებით იჭერდა, ანაკონდას მსგავსად.
გამომდინარე იქიდან, რაც უკვე ვიცით უძველესი გველებისა და იმ ხაზების შესახებ, რომლებიც მათ დღევანდელ სახეობებთან აკავშირებს, ოჯახი, რომელსაც ეს გველი მიეკუთვნებოდა, დიდი ალბათობით, პირველად ინდოეთში გაჩნდა, შემდეგ კი ევროპასა და აფრიკაში გავრცელდა, 56-34 მილიონი წლის წინ.
V. indicus-ის გიგანტური ზომებიდან გამომდინარე, არის ძლიერი შესაძლებლობა იმისა, რომ ის ინდოეთის ამ ნაწილში, შედარებით თბილ კლიმატში (28 გრადუსი) ბინადრობდა, რადგან მაღალი ტემპერატურა ცივსისხლიან ქვეწარმავლებში მეტაბოლიზმის უფრო სწრაფ მაჩვენებლებს ნიშნავს.
აღმოჩენა მხოლოდ ერთ საოცარ გველს როდი ეხება — ამას გარდა, უმნიშვნელოვანეს ცნობებს გვაწვდის უძველესი წარსულის კლიმატურ მახასიათებელთა შესახებ.
კვლევა Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.