აღმოჩენილია გალაქტიკების სუპერგროვა, რომელიც ყველაზე მასიურია ამ დრომდე ნაპოვნთა შორის — #1tvმეცნიერება
აღმოჩენილია გალაქტიკების სუპერგროვა, რომელიც ყველაზე მასიურია ამ დრომდე ნაპოვნთა შორის — #1tvმეცნიერება

დედამიწა ერთი ჩვეულებრივი, საშუალო ვარსკვლავის გარშემო მოძრაობს. ეს ვარსკვლავი, ჩვენი მზე კი გალაქტიკა ირმის ნახტომის ცენტრის გარშემო. ამის იქით, უკვე ბევრი აღარაფერი ვიცით.

ირმის ნახტომი უფრო დიდ სტრუქტურაში შედის, რომელიც 250 მილიონი სინათლის წლის მანძილზეა გადაჭიმული და ლანიაკეას სუპერგროვას უწოდებენ.

ვერაფერს იტყვი, ეს კოსმოსის ნამდვილად ძალიან დიდი სივრცეა და სულ მცირე 100 000 გალაქტიკას შეიცავს. არსებობს უფრო დიდი სუპერგროვებიც; მაგალითად, ახლად აღმოჩენილი ეინასტოს სუპერგროვა, რომლის სიგანეც 360 მილიონი სინათლის წელია და დაახლოებით 26 კვადრილიონ ვარსკვლავს შეიცავს.

გალაქტიკა ობიექტთა კრებულია, რომლებიც გრავიტაციის ძალით არის ერთად თავმოყრილი. ტიპური გალაქტიკა ვარსკვლავების, ნისლეულების, ვარსკვლავთგროვების, პლანეტების, კომეტების და სხვა ობიექტთა უბრალო კოლექციაა.

ირმის ნახტომი

სუპერგროვები კი გალაქტიკათა კრებულებია, რომლებსაც ასევე გრავიტაციის ძალა კრავს.

ლანიაკეა და ეინასტო (რომელიც ჩვენგან სამი მილიარდი წლის მანძილზეა), სამყაროს უდიდეს სტრუქტურებს შორისაა.

ახლად აღმოჩენილ გროვას სახელი ესტონელი პროფესორის, იან ეინასტოს პატივსაცემად უწოდეს, რომელიც ერთ-ერთი პიონერია სუპერგროვების კვლევაში; 2024 წლის 23 თებერვალს პროფესორს 95 წელი შეუსრულდა.

როცა საქმე ეხება სტრუქტურების ზომის ვიზუალიზაციას, წარმოიდგინეთ საშუალო ზომის მონეტა საფეხბურთო სტადიონზე. მონეტა წარმოადგენს გალაქტიკა ირმის ნახტომს, სტადიონი კი სუპერგროვას.

გალაქტიკათგროვა

ასევე შეგიძლიათ წარმოიდგინოთ მზე, როგორც გოლფის ბურთი და სუპერგროვა როგორც ევერესტის მთა.

აღმოჩენა ესტონეთის ქალაქ ტარტუს უნივერსიტეტის მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა გააკეთა, რომელმაც ასევე შეისწავლა 662 სხვა სუპერგროვა. კვლევამ ასევე გამოავლინა საინტერესო დინამიკა სუპერგროვებს შიგნით. მაგალითად, დაადგინეს, რომ სუპერგროვებში გალაქტიკები ერთმანეთს უფრო ნელა შორდებიან, ვიდრე სამყაროს ზოგადი გაფართოებაა.

ამის მიზეზი ის არის, რომ სუპერგროვის გრავიტაცია გაფართოებაზე მუხრუჭის სახით მოქმედებს. მიუხედავად იმისა, რომ ის რეგიონის გაფართოებას ანელებს, ეს შენელება მაინც არაა საკმარისი, რათა გალაქტიკების ერთმანეთისგან დაშორება შეჩერდეს. სუპერგროვები შეგვიძლია მივიჩნიოთ დროებით, ცვალებად ფენომენად.

დადგინდა ისიც, რომ არსებობს კავშირი სუპერგროვების სიმკვრივესა და ზომას შორის. ეს კავშირი არის შებრუნებული კვადრატული ურთიერთობა, ანუ, სუპერგროვის სიმკვრივე მისი ზომის კვადრატთან ერთად მცირდება.

კვლევა Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია Universe Today-ს მიხედვით.