აღმოჩენილია ძვლები, რომლებიც დედამიწის ისტორიაში უდიდეს წყლის ქვეწარმავალს ეკუთვნის — #1tvმეცნიერება
უძველეს ქანებში აღმოჩენილი ძვლის ფრაგმენტები მიუთითებს გოლიათზე, რომელიც ერთ დროს მთელ ზღვას ატერორებდა.
ბრიტანელ და ამერიკელ მკვლევართა მტკიცებით, სამხრეთ-დასავლეთ ინგლისში აღმოჩენილი ორი სხვადასხვა, განმარხებული ყბის ძვლები წარმოადგენს გვიანდელი ტრიასული პერიოდის იქთიოზავრის აქამდე უცნობ გვარს, რომელიც როგორც ჩანს, ზომით აჭარბებდა ზღვის ნებისმიერ სხვა ქვეწარმავალს, რომელსაც კი ოდესმე უარსებია ამ პლანეტაზე.
ახალ გვარს და სახეობას Ichthyotitan severnensis-ი უწოდეს და როგორც მკვლევართა ჯგუფი ვარაუდობს, ამ ცხოველის სიგრძე 25 მეტრი უნდა ყოფილიყო.
„2018 წელს, ჩემმა ჯგუფმა შეისწავლა და აღწერა გიგანტური იქთიოზავრის ყბის ძვალი და იმედი გვქონდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს, სხვა ძვალსაც ვიპოვიდით. ეს ახალი სახეობა უფრო სრულია, უკეთესად შენახული და გვიჩვენებს, რომ ახლა უკვე გვაქვს ორი ეს გიგანტური ძვალი (სურანგულარი) უნიკალური ფორმითა და სტრუქტურით“, — ამბობს მანჩესტერის უნივერსიტეტის პალეონტოლოგი დინ ლომაქსი.
ძვლის პირველი განმარხებული ნაწილი მკვლევარ პოლ დე ლა სალეს ჯგუფმა 2016 წელს აღმოაჩინა ინგლისში, სომერსეტში, ლილსტოკის სანაპიროზე. მეცნიერები სულ მალე მიხვდნენ, რომ მათ წინაშე რაღაც საინტერესო იყო. მიუხედავად იმისა, რომ ის ყბის ძვლის მხოლოდ უკანა ნაწილი, სახელად სურანგულარი იყო, ზომა მიუთითებდა, რომ ეკუთვნოდა იქთიოზავრს, რომელიც ჩვენთვის ცნობილ ყველა სხვა იქთიოზავრზე დიდი უნდა ყოფილიყო. სხვა მტკიცებულებათა გარეშე, ამ მხეცის შესახებ უფრო მეტის გარკვევა ურთულესი აღმოჩნდა. მეცნიერებმა მას ზედმეტსახელად ლილსტოკის მონსტრი უწოდეს.
გარღვევა 2020 წელს მოხდა. კაცი, სახელად ჯასტინ რაინოლდსი და მისი 11 წლის ქალიშვილი რუბი, სომერსეტის სოფელ ბლუ-ანქორის პლაჟზე ნამარხებს ეძებდნენ; მოულოდნელად, რუბიმ ყბის ძვლის პირველი ნაწილი იპოვა. ისინი ლომაქსს დაუკავშირდნენ, რომელიც თავის მხრივ დე ლა სალეს დაუკავშირდა და ძებნა ერთად გააგრძელეს.
ძვლის ბოლო ნაწილი 2022 წლის ოქტომბერში იპოვეს. ამის შემდეგ, პალეონტოლოგებმა ფაზლის აწყობა დაიწყეს და გამოავლინეს არსება, რომელსაც ეს ყბა ეკუთვნოდა. დაადგინეს, რომ ახალ სურანგულარს ისეთივე უნიკალური მახასიათებლები ჰქონდა, რაც ლილსტოკის მონსტრის ყბის ძვალს.
ორივე ძვალს ერთნაირი ზომა და მორფოლოგია აქვს, ორივე სომერსეტის სანაპიროზე, გვიანდელი ტრიასული პერიოდის თიხის ქვის დანალექებში აღმოაჩინეს. თუმცა, ცოტა ხნის წინ აღმოჩენილი ფრაგმენტი უფრო სრულყოფილი და უკეთესად შენახული იყო, რამაც მეცნიერებს ამ გამოუცნობი არსების შესახებ მეტის გარკვევის საშუალება მისცა.
იქთიოზავრები დაახლოებით 250 მილიონი წლის წინ გაჩნდნენ; ისინი სიგრძეში 15 მეტრამდე იზრდებოდნენ. თუმცა, გიგანტური სახეობები მხოლოდ გვიანდელ ტრიასულ პერიოდში გამოჩნდნენ და პალეონტოლოგთა აზრით, მათ დიდხანს არც უარსებიათ — 200 მილიონი წლის წინ, ტრიასულ-იურული გადაშენების მოვლენისას ამოწყდნენ.
ამან შეიძლება ახსნას ნამარხებში გიგანტურ იქთიოზავრთა ძვლების სიმწირე, მაგრამ უკვე ნაპოვნი ფრაგმენტები მიუთითებს, რომ ზოგიერთი მათგანი სიგრძეში 20 მეტრამდე იზრდებოდა. ამ არსებებზე კიდევ უფრო დიდი იყო 13 მილიონი წლის შემდეგ გამოჩენილი მათი გიგანტური ნათესავი — იქთიოტიტანი.
არსებობს მტკიცებულებები, რათა ვივარაუდოთ, რომ ორი ინდივიდი, რომელთა ძვლების საფუძველზეც ამ არსებათა შესახებ რაღაც შევიტყვეთ ასობით მილიონი წლის შემდეგ — სიკვდილის დროს ზრდასრული არ იყო.
„შეგვიძლია დავადასტუროთ გიგანტური იქთიოზავრის ქვედა ყბებისთვის დამახასიათებელი ჰისტოლოგიური თვისებების უნიკალური კრებული: ამ ძვლების ანომალიური ზრდა მიუთითებს, რომ ჯერ კიდევ არაფერი ვიცით ძვლის განვითარების სტრატეგიის შესახებ, რამაც გვიანდელი ტრიასული პერიოდის იქთიოზავრებს ხერხემლიანთა ბიოლოგიური ზომის ლიმიტებისთვის მიაღწევინა. ამ გიგანტთა შესახებ ბევრი რამ იდუმალებით არის მოცული, მაგრამ თუ ძვლებს კიდევ ვიპოვით, ბევრ რამეს მოვფენთ ნათელს“, — ამბობს ბონის უნივერსიტეტის პალეონტოლოგი მარსელო პერილიო.
კვლევა PLOS ONE-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.