აღმოჩენილია ძვალში შენახული ლენცოფას თესლები, რაც უძველეს დროში ამ მცენარის სამკურნალოდ გამოყენებაზე მიუთითებს — #1tvმეცნიერება
ათასობით წლის წინანდელი ძვალი პირველი მყარი მტკიცებულებაა იმისა, რომ ევროპაში ადამიანები ძლიერ და სახიფათო ნარკოტიკს აგროვებდნენ და ინახავდნენ.
აღმოჩენილია განზრახ ამოღრუტნული და არყის ხის ფისით დაცობილი ცხვრის ან თხის ძვალი, რომელშიც დიდი ოდენობით შავი ლენცოფას (Hyoscyamus niger) თესლია შენახული.
გერმანელ და ნიდერლანდელ მკვლევართა ჯგუფი ირწმუნება, რომ ეს მცენარეული მასალა კონკრეტული მიზნისთვის იყო შენახული.
შავი ლენცოფა მთელ ევროპაშია გავრცელებული და მისი მცირე დოზაც კი სახიფათოა. შეიცავს ტოქსინებს — ჰიოსციამინსა და სკოპოლამინს და მისმა შეჭმამ შეიძლება გამოიწვიოს ტაქიკარდია, კრუნჩხვები, კომა და სიკვდილი.
თუმცა, ფრთხილად მოხმარების შემთხვევაში, მცენარე იწვევს ჰალუცინაციებს ან შეიძლება სამკურნალოდ გამოყენებაც. შავი ლენცოფა აღმოჩენილია გერმანიის ქალაქ ნოისში, ახ. წ. პირველი საუკუნის რომაული ციხესიმაგრის საავადმყოფოში. მცენარე ასევე ჩნდება ნიდერლანდების არქეოლოგიურ ძეგლებზე, ხშირად სხვა სამკურნალო მცენარეებთან ერთად.
თუმცა, ძალიან იშვიათი ნიმუში შეიძლება გადაჭრით დავუკავშიროთ ადამიანთა მიერ მოხმარებას.
„გამომდინარე იქიდან, რომ შავი ლენცოფა ბუნებრივად იზრდება დასახლებებში, მისი თესლები არქეოლოგიურ ძეგლებზე შეიძლება შემთხვევით მოხვდა. შედეგად, რთულია იმის დამტკიცება, იყენებდნენ თუ არა ადამიანები მას მიზანმიმართულად — სამკურნალოდ თუ სარეკრეაციოდ“, — ამბობს ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის არქეოზოოლოგი მააკიე გრუტი.
მისი განცხადებით, ის ფაქტი, რომ მათ შემთხვევაში თესლები ცხვრის ან თხის გამოღრუტნულ ძვალში იყო ჩაყრილი და არყის ხის შავი ფისით დალუქული — მიუთითებს, რომ ლენცოფა მასში განზრახ იყო შენახული.
ძვალი ნიდერლანდებში, უტრეხტის სიახლოვეს, უძველეს სასოფლო დასახლება ჰუტენ-კასტელუმში აღმოაჩინეს, რომელიც 2600 წლის წინანდელი პერიოდიდან ახ. წ. მეორე საუკუნის ბოლომდე ყვაოდა. ძეგლზე აღმოაჩინეს კერამიკის 207 000 ნამსხვრევი, ლითონის 1400 ობიექტი, ცხოველის 86 000 ძვლის ფრაგმენტი.
ძალიან ადვილი იყო, ათასობით ძვალს შორის თხის ერთი ძვალი გამოგრჩენოდა, მაგრამ მკვლევრებს აშკარად გაუმართლათ. ძვლების გასუფთავებისას, ნიდერლანდების კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს არქეოზოოლოგმა მარტინ ფონ ჰაასტერენმა შემთხვევით გამოსწია არყის ხის ფისის საცობი და ძვლიდან პატარა შავი თესლები წამოიყარა.
სამწუხაროდ, თესლის ერთი-მესამედი ამ მომენტში დაიკარგა. თუმცა, დარჩენილი 282 თესლის ანალიზმა ცხადყო, რომ ის შავი ლენცოფასი იყო. შავი ლენცოფას თესლები გათხრებისას ამ ძეგლზე ისედაც აღმოაჩინეს, მაგრამ გამოღრუტნულ ძვალში მისი შენახვა მის წინასწარ განზრახვასა და მნიშვნელობაზე მიუთითებს. საერთო ჯამში, ძვალს დაახლოებით 4000 თესლის დატევა შეეძლო.
კიდევ უფრო საინტერესო ის არის, რომ შუა მონაკვეთში ძვალი გახეხილი და გაპრიალებულია, რაც მის ხშირ გამოყენებაზე უნდა მიუთითებდეს.
საინტერესოა, რაში იყენებდა ჰუტენ-კასტელუმის დასახლების ხალხი შავ ლენცოფას? ზოგიერთი მეცნიერის აზრით, შავი ლენცოფა მთავარი ინგრედიენტი იყო ფიზიკური აღგზნების, შეუვალობის გამოსაწვევად, მაგრამ ძნელი წარმოსადგენია, რომ აგრარულ დასახლებას ამის რეგულარული საჭიროება ჰქონოდა.
მკვლევართა აზრით, ამ თესლებს ისინი უფრო სამედიცინო მიზნებისთვის იყენებდნენ. იმ პერიოდში, როცა ამ ძვალს იყენებდნენ, ნიდერლანდები რომის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. მკვლევრები ეყრდნობიან რომაელი ისტორიკოსის, პლინიუს უმცროსის ცნობებს, რომელიც ახ. წ. 77-79 წლებში თავის წიგნში „ბუნების ისტორია“ წერს, რომ ლენცოფას გამოყენება სხვადასხვა ფორმით არის შესაძლებელი ხველებისა და გაციების, კბილის ტკივილის, საშვილოსნოს ტკივილის, ნიკრისის ქარის, მყესის ანთების, მეტეორიზმის, მშრალი კანისა და ყურის ტკივილის სამკურნალოდ.
თუმცა, პლინიუსი გვაფრთხილებს, რომ საჭიროა მისი სწორად გამოყენება, რათა პაციენტმა მისი მავნე ეფექტები არ განიცადოს.
„გამომდინარე აქედან, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ლენცოფას სამკურნალოდ იყენებდნენ და ცნობილი იყო მისი სახიფათო გვერდითი ეფექტების შესახებაც“, — წერენ მკვლევრები.
ლენცოფას ჰალუცინოგენად და სამკურნალოდ გამოყენების თეორიებს მხარს უჭერს სხვა არქეოლოგიური აღმოჩენებიც. ჰუტენ-კასტელუმის აღმოჩენა მიუთითებს, რომ არქეოლოგიურ ძეგლებზე ამ მცენარის ასე უხვად აღმოჩენა შეიძლება სულაც არ არის შემთხვევითი.
კვლევა Antiquity-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.