აღმოჩენილია დინოზავრებზე გაცილებით ადრინდელი გიგანტური მტაცებლის თავის ქალა — #1tvმეცნიერება
აღმოჩენილია დინოზავრებზე გაცილებით ადრინდელი გიგანტური მტაცებლის თავის ქალა — #1tvმეცნიერება

დინოზავრებს ყველაზე საზარელი პრეისტორიულ მტაცებლებად მიიჩნევიან, მაგრამ ახლახან აღმოჩენილი თავის ქალა მეტყველებს საშინელ მხეცებზე, რომლებიც დედამიწაზე დინოზავრების გამოჩენამდე 40 მილიონი წლით ადრე დომინირებდნენ.

ბრაზილიაში აღმოჩენილი 265 მილიონი წლის წინანდელი ნამარხი ეკუთვნის იმ პერიოდის უდიდეს ხორცისმჭამელს, რომელიც მსხვერპლის საძებნელად ჯუნგლებში დაეხეტებოდა.

„ეს ცხოველი ნამდვილი მხეცი იყო და შიშის ზარს სცემდა ყველა არსებას, რომელიც კი გზად შეხვდებოდა“, — ამბობს ჰარვარდის უნივერსიტეტის პალეონტოლოგი სტეფანი პირსი.

ცხოველს Pampaphoneus biccai უწოდეს და მისი თითქმის სრული თავის ქალის ნამარხის სიგრძე 36 სანტიმეტრია; აღმოაჩინეს სამხრეთ ბრაზილიაში, სან-გაბრიელის მუნიციპალიტეტში.

Pampaphoneus-ი თავსდება ადრეული თერაფსიდების, სახელად დინოცეფალების კლადში; ეს გახლდათ ხმელეთის დიდტანიან, საშიშ ცხოველთა დიდი ჯგუფი, რომელიც ტირანოზავრ რექსამდე არსებობდა. ყველა დინოცეფალი ხორცისმჭამელი არ იყო, მაგრამ Pampaphoneus ნამდვილად ასეთი გახლდათ.

„ცხოველს დიდი, ბასრი კბილები ჰქონდა, რომლებსაც მსხვერპლის დასაჭერად იყენებდა. როგორც მისი თანკბილვა და თავის ქალის არქიტექტურა მიუთითებს, ისეთი ძლიერი კბენა უნდა სცოდნოდა, რომ მსხვერპლს ძვლებში გადატეხდა, დაახლოებით დღევანდელი აფთრების მსგავსი“, — ამბობს ბრაზილიის პამპის ფედერალური უნივერსიტეტის პალეონტოლოგი ფელიპე პინიერო.

Pampaphoneus-ები პერმიული პერიოდის ბოლოს არსებობდნენ, იმ მასობრივი და დედამიწის ისტორიაში ყველაზე დიდი გადაშენების წინ, რომლის დროსაც პლანეტის ცხოველთა სახეობების 86 პროცენტი ამოწყდა.

„ნამარხი შუა პერმული პერიოდის ქანებში აღმოვაჩინეთ, ისეთ ზონაში, სადაც ნამარხი ძვლები არც ისე ხშირია, მაგრამ ყოველთვის გვხვდება სასიამოვნო სიურპრიზები“, — ამბობს კვლევის ავტორი, პამპის ფედერალური უნივერსიტეტის პალეონტოლოგი მატეუშ კოშტა სანტუსი.

სხვა დინოცეფალების ნამარხები აქამდე აღმოჩენილი იყო რუსეთსა და სამხრეთ აფრიკაშიც, მაგრამ Pampaphoneus biccai ბრაზილიაში პირველად აღმოაჩინეს; მკვლევართა განცხადებით, კარგად შემონახული ნამარხი აქამდე უცნობ ბევრ ცნობას გვაწვდის ამ სახეობის შესახებ, რადგან 2008 წელს აღმოჩენილი თავის ქალა ძალიან პატარა იყო.

„ასე დიდი ხნის შემდეგ Pampaphoneus-ის ახალი თავის ქალის აღმოჩენა უკიდურესად მნიშვნელოვანია ამ ცხოველის შესახებ ცოდნის გასაღრმავებლად, რაც აქამდე შეუძლებელი იყო რუსეთში აღმოჩენილი მისი ნათესავების საფუძველზე“, — ამბობს სანტუსი.

Pampaphoneus მართლაც ძლიერი ცხოველი უნდა ყოფილიყო. სიმაღლეში სამ მეტრამდე იზრდებოდნენ, წონაში კი მაქსიმუმ 400 კილოგრამს აღწევდნენ.

ბოლო ათწლეულში, ამავე რეგიონში აღმოჩენილი ნამარხების საფუძველზე გაჩნდა მტკიცებულება, რომ Pampaphoneus-ის შესაძლო მსხვერპლი უნდა ყოფილიყო ციცქნა რეპტილია რასტოდონი და უზარმაზარი ამფიბია კუნჟუკოვია.

Pampaphoneus-ი იმავე ეკოლოგიურ როლს ასრულებდა, რასაც დღეს დიდი კატები. ის ჩვენთვის ცნობილი უდიდესი სახმელეთო მტაცებელი იყო პერმული პერიოდის სამხრეთ ამერიკაში“, — ამბობს პინეირო.

Pampaphoneus-ი მხოლოდ ზომით როდი გამოირჩეოდა. სხვა მრავალი დინოცეფალის მსგავსად, ჰქონდათ საკმაოდ სქელი თავის ქალა, რის გამოც ეწოდათ მათ ეს სახელი (დინოცეფალი ბერძნულად „საშინელ თავს“ ნიშნავს).

ახლად აღმოჩენილი თავის ქალის მიერ გადმოცემული ახალი ინფორმაცია მეცნიერებს აფიქრებინებს, რომ იქვე აღმოჩენილი გაურკვეველი ყბის ძვალი Pampaphoneus biccai-ს კიდევ უფრო დიდ და საზარელ ვერსიას ეკუთვნის. მკვლევართა განცხადებით, ამ ჰიპოთეზის დასადასტურებლად უფრო მეტი ნამარხია საჭირო. არ არის გამორიცხული, რომ თავის ქალა, რომელიც მათ შეისწავლეს ზრდასრულ ეგზემპლარს არ ეკუთვნოდა.

კვლევა Zoological Journal of the Linnean Society-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.