ასტრონომებმა დედამიწასთან ახლომდებარე აქამდე უცნობი სამი ასტეროიდი აღმოაჩინეს. ერთ-ერთი მათგანი ყველაზე დიდი პოტენციურად საშიში ასტეროიდია ბოლო რვა წელიწადში აღმოჩენილთა შორის.
მისი სიგანე დაახლოებით 1,5 კილომეტრია და მოძრაობს ორბიტაზე, რომელმაც მომავალში ის შეიძლება დედამიწასთან იმდენად ახლოს მოიყვანოს, რომ პრობლემა შექმნას.
დანარჩენი ორი ასტეროიდის გზა სრულიად უსაფრთხოა და მზესთან უფრო ახლოს არიან, ვიდრე დედამიწა. აღმოჩენა მნიშვნელოვანია იმ თავლსაზრისითაც, რომ ასეთი ობიექტების პოვნა საკმაოდ რთულია და დედამიწასთან ახლომდებარე ობიექტთა უკეთესად დახასიათების საშუალებას გვაძლევს.
მცირე პლანეტები, ანუ ობიექტები, რომლებიც პირდაპირ მზის გარშემო მოძრაობენ, მაგრამ არც პლანეტებია და არც კომეტები, ძირითადად უფრო დიდ ორბიტებზე იმყოფებიან, ვიდრე დედამიწა. მარსსა და იუპიტერს შორის მოქცეულია ასტეროიდთა სარტყელი, ნეპტუნის ორბიტის გადაღმა იშლება კოიპერის სარტყელი, სადაც მოქცეულია პლუტონი და სხვა კლდოვანი ობიექტები, რომლებიც ზოგჯერ პლანეტების ორბიტებს კვეთენ.
მზესთან ახლოს ძალიან ცოტა მცირე პლანეტაა აღმოჩენილი და ამას კარგი მიზეზიც აქვს. უნდა ვიყუროთ დიდი, კაშკაშა ვარსკვლავისკენ, რომლის დამაბრმავებელი სინათლეც პატარა, მკრთალ ასტეროიდთა დაფიქსირებას თითქმის შეუძლებელს ხდის. ამის გამო, ამ ობიექტებს ძირითადად მზისგან საპირისპირო მიმართულებით ვპოულობთ, მზის სისტემის გარე ნაწილში.
იმისათვის, რათა ასტეროიდები მზის სისტემის შიდა ნაწილში შეამჩნიონ, ასტრონომებმა ისინი გამთენიისას და შებინდებისას უნდა ეძებონ, როდესაც მზის ნათება დიდწილად დედამიწის ჰორიზონტს დაბლაა მოქცეული და ზუსტად იმდენი სინათლეა, რაც შიდა ასტეროიდების განათებისთვის არის საჭირო.
კარნეგის მეცნიერებათა ინსტიტუტის მკვლევართა ჯგუფმა სკოტ შეპარდის ხელმძღვანელობით, ძებნის სწორედ ასეთი სამუშაოები ჩაატარა ცის დიდ მონაკვეთებზე, მზესთან იმაზე ახლოს, ვიდრე ვენერა და დედამიწაა; შედეგად კი გასაოცარი აღმოჩენები მიიღეს.
ერთ-ერთი მათგანი იყო ასტეროიდი 2021 PH27, რომელსაც ჩვენთვის ცნობილ ასტეროიდთა შორის ყველაზე მოკლე ორბიტა აქვს, სულ რაღაც 113-დღიანი. შემდეგ იყო 2021 LJ4, რომელიც მზეს ასევე დედამიწაზე უფრო ახლოდან უვლის გარშემო. ორივე მათგანს ატირა ასტეროიდებს უწოდებენ.
„აღმოვაჩინეთ დედამიწასთან ახლომდებარე ორი დიდი ასტეროიდი, რომელთა სიგანეც დაახლოებით კილომეტრია და ასეთი ზომებს ჩვენ პლანეტის მკვლელებს ვუწოდებთ. სავარაუდოდ, აღმოსაჩენი დარჩა დედამიწასთან ახლომდებარე ამ ზომის მხოლოდ რამდენიმე სხვა ასტეროიდი; სავარაუდოდ, მათი ორბიტის დიდი ნაწილი დედამიწისა და ვენერას ორბიტებს შიგნით უნდა იყოს მოქცეული. არსებული სირთულეებიდან გამომდინარე, ამ დროისათვის აღმოჩენილია დედამიწის ორბიტის შიგნით მოქცეული მხოლოდ 25 ასტეროიდი“, — ამბობს შეპარდი.
მესამე ასტეროიდს 2022 AP7-ს, აპოლო ასტეროიდს უწოდებენ. არსებობს ელიფსური ორბიტის მქონე ასტეროიდები, რომლებიც ხან მზესთან ახლოს მიდიან, ხანაც დედამიწის ორბიტის გადაღმა გადადიან. 2022 AP7-ის მსგავსი აპოლო ასტეროიდები დედამიწის ორბიტას კვეთენ და შეიძლება ჩვენს პლანეტას სარისკო მანძილზეც მოუახლოვდნენ, რის გამოც, მათ „პოტენციურად საშიშებს“ უწოდებენ.
საბედნიეროდ, უკვე ცნობილია 2000-ზე მეტი პოტენციურად საშიში ასტეროიდის შესახებ (მათგან უდიდესის სიგანე 7 კმ-ია). როცა მათი არსებობა ვიცით, შეგვიძლია მათი ორბიტების მოდელირება და იმის გამოთვლა, მოვლენ თუ არა და როდის დედამიწასთან სახიფათო მანძილზე. თუკი ამის შესახებ ადრე გვეცოდინება, არის შანსი, რომ მისკენ ხომალდი გავუშვათ და მიმართულება შევუცვალოთ.
ასევე მნიშვნელოვანია ახალი ატირა ასტეროიდების აღმოჩენა. მზის სისტემაში მცირე პლანეტათა პოპულაციის შესახებ არსებული ცოდნა ძირითადად სისტემის შორეულ მისადგომებში არსებულ ასეთ ობიექტებს ეფუძნება. მზის სისტემის შიდა ნაწილში არსებულთა შესახებ უკეთესი ცნობები უფრო მეტს გვეტყვის მზის სისტემის დინამიკის შესახებ — როგორ გადაადგილებიან ასტეროიდები სხვადასხვა რეგიონებში, ასევე შევქმნით უკეთეს მოდელებს დროთა განმავლობაში სისტემის ევოლუციის შესახებ.
„ჩვენი პროგრამა DECam-ი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მგრძნობიარეა დედამიწისა და ვენერას შიგნით არსებულ ობიექტთა ძებნის მიზნით ჩატარებულთა შორის. უნიკალური შანსია გავიგოთ, რა ტიპის ობიექტები იმალება მზის სისტემის შიდა ნაწილში“, — ამბობს შეპარდი.
საინტერესოა, რომ ამ პროგრამამ უკვე მრავალი მოზრდილი, კილომეტრზე მეტი სიგანის ასტეროიდი აღმოაჩინა. ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ პატარა ასტეროიდები მზის სისტემის შიდა ნაწილში ნაკლებად სტაბილურები არიან ან უფრო ადვილად იშლებიან ძლიერი თერმული და გრავიტაციული გარემოს გამო.
კვლევა The Astronomical Journal-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია noirlab.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.