აღდგომის ღამეს გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის საკითხზე საკოორდინაციო საბჭო 26 აპრილს იმსჯელებს
აღდგომის ღამეს გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის საკითხზე საკოორდინაციო საბჭო 26 აპრილს იმსჯელებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, აღდგომის ღამეს გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის საკითხზე საკოორდინაციო საბჭო ორშაბათს, 26 აპრილს იმსჯელებს.

როგორც ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, შეზღუდვის მოხსნის საკითხი ჯერ განიხილება და შემდგომ იქნება მიღებული გადაწყვეტილება.

„აღდგომის ღამეს გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის საკითხი ჯერ განიხილება და შემდგომ იქნება მიღებული გადაწყვეტილება. ორშაბათს იქნება საკოორდინაციო საბჭო და გადაწყვეტილება ამ საკითხზე იქნება მიღებული. ამ გადაწყვეტილებას იღებს საკოორდინაციო საბჭო, ამირან გამყრელიძე არ იღებს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, გამყრელიძე საზოგადოებას მოუწოდებს, სააღდგომო დღესასწაული მოკრძალებულად და რეკომენდაციების დაცვით აღნიშნონ.

„წინასააღდგომო და აღდგომის შემდგომ პერიოდში უფრო მოკრძალებულად გვმართებს საოჯახო თუ სარიტუალო ღონისძიებების ჩატარება. ამაზე რეკომენდაციები როგორც შარშან, წელსაც იგივეა. სასურველია, რომ ტაძრებში დაცული იყოს დისტანცია, ტაძარში ყველა იყოს პირბადით და რადგან ახლა ამინდები ამის საშუალებას იძლევა, წირვა-ლოცვის რადიოფიცირება მოხდეს, მრევლი იყოს უპირატესად გარეთ და გარეთაც დაცული იქნეს დისტანცია“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, კითხვაზე – ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, იგეგმება თუ არა 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნა, გამყრელიძე ამბობს, რომ გადაწყვეტილება ეპიდვითარების შესაბამისად იქნება მიღებული.

„ეპიდსიტუაცია თუ დასტაბილურდება, რა თქმა უნდა, კომენდანტის საათიც მოიხსნება და კიდევ ბევრი სხვა შეზღუდვაც“, – განაცხადა გამყრელიძემ.