აფრიკის დასახლებაში, სადაც უკანონოდ აშენებული შენობების დემონტაჟი მიმდინარეობს, ხმაურია
თბილისის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლების მიერ აფრიკის დასახლებაში, კორნელი სანაძის ქუჩაზე რამდენიმე სახლის დემონტაჟი მიმდინარეობს.
როგორც გენერალურ ინსპექციაში აცხადებენ, დემონტაჟის მიზეზი სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობებია.
ადამიანები, რომელთა მიერ აშენებული სახლის დემონტაჟი მიმდინარეობს, აცხადებენ, რომ დაკანონების თაობაზე მიმართეს მერიას, თუმცა ინსპექციამ განხილვის დასრულებამდე, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დემონტაჟის პროცესი დაიწყო.
ადგილზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. სამართალდამცველებს მიმდებარედ არსებული სახლების მცხოვრებლები დაუპირისპირდნენ. ისინი პროტესტს გამოთქვამდნენ დემონტაჟის გამო.
მათი განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ძირითადად სოციალურად დაუცველები ცხოვრობენ და მათ სახლები უნებართვოდ აქვთ აშენებული, გარკვეულ შემთხვევებში კი, მერიამ დაკანონების გადაწყვეტილება მიიღო.