ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებზე ორ წევრს კომისია დაატოვებინეს
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებზე ორ წევრს კომისია დაატოვებინეს

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებზე საარჩევნო კომისიის წევრს, დიანა მარტიაშვილს, რომელსაც ერთ-ერთი კანდიდატის, დავით ასათიანის სასარგებლოდ არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებდნენ, კომისია დაატოვებინეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება კომისიის წევრებთან ერთად, ადვოკატთა ასოციაციის მოქმედმა თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა მიიღო.

ამასთან, კომისია კიდევ ერთ წევრს მზია თომაშვილს დაატოვებინეს, რომელსაც ხელში ეჭირა ბიულეტენები, სადაც დავით ასათიანი იყო შემოხაზული

დიანა მარტიაშვილი დავით ასათიანის წარმომადგენელი იყო. ამ დროისთვის, ასათიანს კომისიაში წარმომადგენელი არ ჰყავს.

როგორც თავად ასათიანმა აღნიშნა, არჩევნების გაყალბებაზე არ უნდა საუბრობდნენ იმ ფონზე, როდესაც ყველა საარჩევნო ყუთი უკვე დალუქულია.

პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, ​დავით ასათიანის წარმომადგენელ კომისიის წევრს სხვა კანდიდატები დაუპირისპირდნენ. მათი მტკიცებით, დიანა მარტიაშვილის ხელში ბიულეტენები შენიშნეს. თავად მარტიაშვილმა კი განაცხადა, რომ ამ ბიულეტენებით ხმის მიცემას აპირებდა. კანდიდატები კი ფიქრობენ, რომ დავით ასათიანის წარმომადგენელი არჩევნების გაყალბებას გეგმავდა.

სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, ზაზა ხატიაშვილმა ბიულეტენები ყველა კანდიდატის თანდასწრებით დალუქა.