ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატები არჩევნების გაყალბებაზე საუბრობენ
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატები ლევან ჯანაშია და დავით ლანჩავა აცხადებენ, რომ ადვოკატთა ასოციაციის არჩევნები გაყალბდა და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
ჯანაშიას თქმით, ადგილი ჰქონდა რამდენიმე სახის გაყალბებას, მათ შორის იყო ბიულეტენები, რომლებზეც შესაბამისი ბეჭედი არ იყო დარტყმული, ამასთან ბიულეტენების რაოდენობა გაცემულ ბიულეტენებზე მეტი აღმოჩნდა.
მისი თქმით, იყო შემთხვევები, როდესაც კომისიის წევრებს ბიულეტენები ჩანთაში ეწყოთ და ყველა ამ ბიულეტენზე დავით ასათიანის კანდიდატურა იყო შემოხაზული.
“ამ გაყალბების ფაქტების შესაბამისი ვიდეო მტკიცებულებები არსებობს. აქედან გამომდინარე, არჩევნების ნამდვილობა თავიდან ბოლომდე დგას ეჭვქვეშ და ეს არჩევნები არ არის ნამდვილი. შესაბამისად ჩვენ ვითხოვთ არჩევნების ბათილად ცნობას. თითოეული ფაქტი ცალკე აღებული არჩევნების შედეგის ბათილობისთვის სრულიად საკმარისია“, – განაცხადა ლევან ჯანაშიამ.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის არჩევნები გუშინ ჩატარდა. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ივანე პეტრიაშვილის განცხადებით, შესაძლებელია, დაინიშნოს მეორე ტური.
თუკი არჩევნების მეორე ტური გახდება საჭირო, მასში მონაწილეობას დავით ასათიანი და ლევან ჯანაშია მიიღებენ. არჩევნების პირველსავე ტურში გამარჯვების მოსაპოვებლად საჭირო ხმები ვერც ერთმა კანდიდატმა დააგროვა.
ხმის მიცემის პროცესში სულ 2324 ადვოკატი მონაწილეობდა, მათგან ყველაზე მეტი, 1128 ხმა დავით ასათიანს ერგო, თუმცა გამარჯვებისთვის და ხმათა 50 პროცენტიანი ბარიერის გადალახვისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. რაც შეეხება ლევან ჯანაშიას, მას 632-მა კოლეგამ მისცა ხმა.
გასული რვა წლის განმავლობაში, ადვოკატთა ასოციაციას ზაზა ხატიაშვილი ხელმძღვანელობდა.