სერბეთის პრემიერ-მინისტრი „პოლიტიკოში“ გამოქვეყნებულ სტატიაში არჩევნების გაყალბების ბრალდებას უარყოფს და ქვეყნის ევროინტეგრაციის გაგრძელების პირობას დებს
სერბეთის პრემიერ-მინისტრი „პოლიტიკოში“ გამოქვეყნებულ სტატიაში არჩევნების გაყალბების ბრალდებას უარყოფს და ქვეყნის ევროინტეგრაციის გაგრძელების პირობას დებს

სერბეთის პრემიერ-მინისტრი არჩევნების გაყალბების ბრალდებას უარყოფს და ქვეყნის ევროინტეგრაციის გაგრძელების პირობას დებს. ამის შესახებ ანა ბრნაბიჩი „პოლიტიკოში“ გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.

სერბეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ოპოზიცია წინასაარჩევნო კამპანიის დროს ფოკუსირებული იყო პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის კრიტიკაზე და არ სთავაზობდა ამომრჩევლებს ახალ მიდგომებს ან იდეოლოგიას.

მისივე თქმით, ვადამდელი საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნები სერბეთში ოპოზიციის მოთხოვნით გაიმართა, თუმცა ოპოზიციის წევრებმა ხმის მიცემის პროცედურის დაწყებამდე შეატყობინეს საერთაშორისო დამკვირვებლებს, რომ კენჭისყრის შედეგებს არ აღიარებენ.

„ევროკავშირთან ინტეგრაციაზე მუშაობის გასაგრძელებლად ხელისუფლების ცალსახა პრიორიტეტია ახალი მთავრობის ჩამოყალიბება“, – წერს ბრნაბიჩი.

როგორც სერბეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ოპოზიციას შეუძლია, უფრო კონსტრუქციული მიდგომით იხელმძღვანელოს და მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს სერბეთის ახალი მთავრობის მიზნების რეალიზაციაში.

სერბეთში გამართული არჩევნების შედეგების თანახმად, გამარჯვება მმართველმა „პროგრესულმა პარტიამ“ მოიპოვა. ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა.