სანდრო ცაგარელი - არ მგონია, რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ თქვას, რომ არჩევნები გაყალბდა
სანდრო ცაგარელი - არ მგონია, რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ თქვას, რომ არჩევნები გაყალბდა

ამ ეტაპზე ისეთი სიტუაციაა, არ მგონია, რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ თქვას, რომ არჩევნები გაყალბდა, – ამის შესახებ პირველი არხის ანალიტიკოსმა, სანდრო ცაგარელმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა. 

ცაგარელმა უპასუხა წამყვანის შეკითხვას, რამდენად მოსალოდნელია, გლობალურად მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, საერთაშორისო დამკვირვებლებმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები აღიარონ.

„ცოტა დაბნეული კი არიან ჩვენი ევროპელი თუ სხვა პარტნიორები, როგორც მოსახლეობა და ბოლომდე ვერ გავიგეთ, რა გეზი აქვთ, მაგრამ ერთი წელიც თუ გასტანეს ამ გაურკვევლობაში, ალბათ ისინიც იტყვიან, რომ ხელისუფლება ჩვენკენ არისო. რაც შეეხება არჩევნების დღის ტექნოლოგიურ გაყალბებას, მე მგონი, საქართველოში ეს პრობლემა უკვე ბევრი წელია, ათწლეულზე მეტია, აღარ დგას, რასაც ეძახიან ბიულეტენების ჩაყრას, გატანას და ა.შ. საარჩევნო პროცესს თუ რამე პრობლემა აქვს, ეს არის ძალიან დიდი ფული საარჩევნო პროცესში, მედიარესურსი რამდენიმე სუბიექტის ხელში და ახალი ხალხისთვის რთულია პოლიტიკურ სცენაზე შესვლა“, – განაცხადა ცაგარელმა.

გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია, 2024 წლის არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება და არსებობს თუ არა პოლიტიკურ ძალებს შორის თანამშრომლობის რესურსი, სანდრო ცაგარელმა განაცხადა, რომ კოალიციური მთავრობა არის სიტუაციის მოგვარების ინსტრუმენტი, რომელიც ზოგ ქვეყანაში მუშაობს და ზოგში – არა, მაგრამ საქართველოში პარტიებს შორის თანამშრომლობის რესურსი ნაკლებად არსებობს.