ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების ხმის დამთვლელი კომისია ექვსმა წევრმა დატოვა
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების ხმის დამთვლელი კომისია ექვსმა წევრმა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს კომისიის ერთ-ერთმა უკვე ყოფილმა წევრმა, ადვოკატმა ლალი აფციაურმა დაუდასტურა.
აფციაურის განცხადებით, აღნიშნული არჩევნები გაყალბდა, რის გამოც ის და კომისიის კიდევ ხუთი წევრი არჩევნების ბათილად ცნობას მოითხოვდნენ, თუმცა მათ ამაში კომისიის სხვა წევრები არ ეთანხმებოდნენ, ამიტომ საარჩევნო კომისიის დატოვება გადაწყვიტეს.
„წარმოუდგენელი იყო მუშაობა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს მიერ გახსნილ საარჩევნო ყუთებში უკვე აღმოჩნდა ასოციაციის თავმჯდომარეობის იმაზე მეტი ბიულეტენი, ვიდრე გვქონდა გაცემული. ეს ნიშნავს, რომ გარკვეული ბიულეტენები ჩაყრილი იყო. მით უფრო, რომ ერთი ასეთი ფაქტიც გვქონდა. საარჩევნო კომისიის ერთ-ერთი წევრი, ჩემი კოლეგა ცდილობდა გარკვეული რაოდენობის ბიულეტენების ჩაყრას ყუთში, მას ბატონმა ზაზა ხატიაშვილმა გამოგლიჯა ხელიდან ბიულეტენები, როცა კაბინაში შევიდა. აქედან გამომდინარე, კლასიკური ნიმუში იყო იმისა, რომ არჩევნები ბათილად გვეცნო. ჩავთვალე, რომ ხმების დათვლის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა. მე და კიდევ ხუთმა წევრმა მივიჩნიეთ, რომ არჩევნები ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი და დავტოვეთ კომისია. მაგრამ კომისიის სხვა ექვსი წევრი სხვა აზრზე იყო და ისინი დარჩნენ“,- განაცხადა ლალი აფციაურმა.
პირველი არხის ინფორმაციით, ლალი აფციაურთან ერთად, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების ხმის დამთვლელი კომისია დატოვეს ბესიკ კაიშაურმა, ირაკლი ალხაზიშვილმა, დავით დოლბაძემ, მირანდა კუარეიშვილმა და ოთარ მაჩაიძემ. კომისია სულ 12 წევრისგან შედგებოდა. შესაბამისად, ახლა დარჩენილმა ექვსმა წევრმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ადვოკატთა ასოციაციის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით.