ადვოკატთა ასოციაციის საარჩევნო კომისია შემაჯამებელ ოქმს დღეს გამოაქვეყნებს
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საარჩევნო კომისია შემაჯამებელ ოქმს დღეს გამოაქვეყნებს. კომისიაში აცხადებენ, რომ ხმის დათვლის პროცედურა სწორედ დღეს დასრულდება. ამის შემდეგ გახდება ცნობილი, როდის ჩაინიშნება არჩევნების მეორე ტური.
არსებული მონაცემებით, მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებენ დავით ასათიანი და ლევან ჯანაშია.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარის, ივანე პეტრიაშვილის განცხადებით, შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების შემდეგ, კომისიის წევრები იმ ინციდენტებზე იმსჯელებენ, რომლებსაც ადგილი ჰქონდა 9 დეკემბერს გამართულ არჩევნებზე.
„შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების შემდეგ, კომისიას გვსურს იმ ინციდენტებზე ვიმსჯელოთ, რაც მოხდა. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, თუ ვინმეს რაიმე ტიპის მტკიცებულება ექნება, სოციალურ ქსელში გამოქვეყნების ნაცვლად, მიმართონ კომისიას, რათა კომისიამ შეისწავლოს“, – აღნიშნა პეტრიაშვილმა.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება 9 დეკემბერს, სპორტის სასახლეში ჩატარდა. კრებაზე, ოთხი წლის ვადით, ასოციაციის თავმჯდომარესთან ერთად, ადვოკატები აღმასრულებელი საბჭოს 11 წევრს, ეთიკის კომისიის 15 და სარევიზიო კომისიის ხუთ წევრს ასოციაციის წესდებით დადგენილი წესით, ფარული კენჭისყრით ირჩევდნენ.
არსებული ინფორმაციით, ხმის მიცემის პროცესში სულ 2324-მა ადვოკატმა მიიღო მონაწილეობა, მათგან ყველაზე მეტი, 1128 ხმა დავით ასათიანს ერგო, თუმცა გამარჯვებისთვის და ხმათა 50-პროცენტიანი ბარიერის გადალახვისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. რაც შეეხება ლევან ჯანაშიას, მას 632-მა კოლეგამ მისცა ხმა.
დავით ასათიანმა, რომელმაც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების წინასწარი შედეგებით, ყველაზე მეტი ხმა მიიღო, მეორე ადგილზე გასულ ლევან ჯანაშიას არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა შესთავაზა.
10 დეკემბერს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების ხმის დამთვლელი კომისია ექვსმა წევრმა დატოვა. კომისია თავდაპირველად 15 წევრისგან შედგებოდა, თუმცა მათგან არჩევნების პროცესს 12 ესწრებოდა. ერთმა წევრმა კომისიის მუშაობაში ავადმყოფობის გამო ვერ მიიღო მონაწილეობა, დანარჩენი ორი კი პროცესს მედიისთვის უცნობი მიზეზების გამო გამოეთიშა. შესაბამისად, კომისიაში ექვსი წევრი დარჩა.
გასული რვა წლის განმავლობაში ადვოკატთა ასოციაციას ზაზა ხატიაშვილი ხელმძღვანელობდა.