ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებზე დაპირისპირება მოხდა
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებზე დაპირისპირება მოხდა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებზე ხმის მიცემის დასრულების შემდეგ დაპირისპირება მოხდა. ერთ-ერთმა კანდიდატმა დავით ლანჩავამ განაცხადა, რომ ჰქონდა ინფორმაცია, სპორტის სასახლეში ელექტროენერგიის გათიშვის შესახებ.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ლანჩავა ყვირილით მოუწოდებდა საარჩევნო კომისიის წევრებს, რომ სასწრაფოდ დაელუქათ საარჩევნო ყუთები. როდესაც ლანჩავა ამ განცხადებას აკეთებდა, სპორტის სასახლის იმ დარბაზში, სადაც ხმის მიცემა მიმდინარეობდა, ელექტროენერგია ნაწილობრივ გაითიშა.

ადვოკატთა ასოციაციის მოქმედი თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ელექტროენერგიის გათიშვა ხელისუფლების ინტერესშია და ის საარჩევნო პროცესს უკავშირდება.

ამასთან, პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებზე.

​დავით ასათიანის წარმომადგენელ კომისიის წევრს სხვა კანდიდატები დაუპირისპირდნენ. მათი მტკიცებით, დიანა მარტიაშვილის ხელში ბიულეტენები შენიშნეს. თავად მარტიაშვილმა კი განაცხადა, რომ ამ ბიულეტენებით ხმის მიცემას აპირებდა. კანდიდატები კი ფიქრობენ, რომ დავით ასათიანის წარმომადგენელი არჩევნების გაყალბებას გეგმავდა.

სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, ზაზა ხატიაშვილმა ბიულეტენები ყველა კანდიდატის თანდასწრებით დალუქა.