ადვოკატთა ასოციაციის არჩევნების ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე არჩევნების მეორე ტურის დანიშვნას საფუძვლიანს უწოდებს
ადვოკატთა ასოციაციის არჩევნების ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე ივანე პეტრიაშვილი კომისიის მიმართ გამოთქმულ პრეტენზიებზე განმარტებებს აკეთებს.
ივანე პეტრიაშვილის განცხადებით, ზოგიერთი კანდიდატი ავრცელებს მის ვიდეოჩანაწერს, სადაც ვარაუდს გამოთქვამს, რომ საარჩევნო ყუთში სამით მეტი ბიულეტენი აღმოჩნდა.
პეტრიაშვილის განმარტებით, ეს პირველადი მონაცემი იყო და ხელახალი გადათვლის შემდეგ, პირიქით, ყუთში რეგისტრირებულზე ნაკლები ბიულეტენები აღმოჩნდა. მისივე თქმით, მეტი ბიულეტენი რომ აღმოჩენილიყო, ეს მთლიანი შედეგების გაბათილების საფუძველი ვერ იქნება, რადგან შესაძლებელია, ამომრჩეველმა ბიულეტენი აიღოს და ხელმოწერა დაავიწყდეს.
პეტრიაშვილის თქმით, ამ ტექნიკურ ხარვეზს ადვოკატთა ნება არ უნდა გადააყოლონ. პეტრიაშვილმა არჩევნების მეორე ტურის დანიშვნას საფუძვლიანი უწოდა და თქვა, რომ არჩევნებზე მისული დელეგატების ხმათა ორმოცდაათ პროცენტზე მეტი არცერთ კანდიდატს არ მიუღია, რაც მეორე ტურის დანიშვნის საფუძველია.
მეორე ადგილზე გასული კანდიდატის ლევან ჯანაშიას მიერ კანდიდატურის მოხსნაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ მისი ხმები ავტომატურად გაუქმდება, თუმცა მეორე ტურის ჩატარების გადაწყვეტილებას ასოციაციის ახალმა აღმასრულებელმა საბჭომ უნდა გადახედოს.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტური ორი კვირის ვადაში გაიმართება.