ადვოკატმა გიგი უგულავა ე.წ. მატროსოვის ციხეში მოინახულა
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას გიგი უგულავას ადვოკატი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრებს.
ადვოკატის განცხადებით, ისინი ელოდებიან უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულ ნაწილს, რის შემდეგაც უკვე სტრასბურგის სასამართლოში გასაგზავნად სარჩელს მოამზადებენ.
როგორც ადვოკატმა ბექა ბასილაიამ აღნიშნა, უგულავა სამარტოო საკანში იმყოფება და მისცეს უფლება საკანში წიგნების შეტანის.
„გიგი არის ძალიან მხნედ და ის უმსგავსობა, რაც თადუმაძემ, გაბინაშვილმა, შავლიაშვილმა, ბიძინა ივანიშვილის მანტიამოსხმულმა ჯამბაზებმა ჩაიდინეს, ამას აუცილებლად მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასებები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. ვისაუბრეთ, რომ ამ საქმეს აუცილებლად გავასაჩივრებთ, გიგის ვერ გატეხავენ. ორი წელი და შვიდი თვე ჩვენ გვახსოვს გიგი იმყოფებოდა ამავე ციხეში, იხდიდა სრულიდ უსამართლო სასჯელს და დღევანდელი მოცემულობით, ეს უსამართლო გადაწყვეტილება დიდხანს ვერ იქნება ძალაში, რადგან ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ვფიქრობ, სამართლებრივად არც ისე შორეულ მომავალში გაეცემა შესაბამისი პასუხი. უკვე ამ დროისთვის წიგნების შეტანის პრობლემა მოიხსნა, ის არის სამარტოო საკანში, მარტო იმყოფება, ახლა ბიუროკრატიული პროცედურები მიმდინარეობს ბარათის დამზადება და ასე შემდეგ. ამ დრომდე არ ჩაგვბარებია დასაბუთებული გადაწყვეტილება. რა უნდა დაასაბუთოს უზენაესმა სასამართლომ, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. შეუძლიათ, პირდაპირ ჩაწერონ, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალება შეასრულეს და ეს არის გამამტყუნებელი განაჩენის სამოტივაციო ნაწილი. შესაბამისად, ვიდრე ჩვენ არ ჩაგვბარდება დასაბუთებული გადაწყვეტილება, დეტალებზე მსჯელობა სწორი არ იქნება“, – განაცხადა ადვოკატმა.
მისივე თქმით, უგულავას მსჯავრი დაედო თბილისის განვითარების ფონდის სახსრების ხარჯვასთან დაკავშირებით, ზუსტად ანალოგიური ბრალდება ჰქონდა წარდგენილი „თბილსერვისის“ სახსრების ხარჯვაზე, ეს არის აბსოლუტურად იდენტური საქმე.
„ბრალდება იყო იგივე, ბრალდებული იყო იგივე, ფაბულა იყო იგივე, ბრალდების ახსნა რომ პარტიის კოორდინატორებისთვის ხდებოდა მერიის თანხების ხარჯვა იყო იგივე, შესაბამისად, ეს ორი ეპიზოდი უნდა ყოფილიყო რეალურად ერთი საქმე, მოხდა საქმეების ხელოვნური დაყოფა, რათა ბიძინა ივანიშვილს თავისი მარიონეტი მოსამართლეების მეშვეობით ჰქონოდა შესაძლებლობა სხვადასხვა პოლიტიკურ სიტუაციაში მანიპულირება მოეხდინა გიგის თავისუფლებით. რეალურად არის ორი საქმე, მაგრამ არსობრივი თვალსაზრისით, ეს არის იდენტური საქმეები და სამართლიანი სასამართლოს, ობიექტური გამოძიების პირობებში, ეს საქმეები ერთიანად იქნებოდა სასამართლოში წარმართული და იქნებოდა ერთი სასჯელი, რა სასჯელიც გიგის „თბილსერვისის“ საქმეზე რეალურად მოხდილი აქვს”, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.
მიმდინარე წლის 10 თებერვალს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე დამნაშავედ ცნო და სამი წლითა და ორი თვით პატიმრობა მიუსაჯა.