ადვოკატის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეზე მტკიცებულებებს შორის პირთა გადაადგილების მარშრუტებია
ადვოკატის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეზე მტკიცებულებებს შორის პირთა გადაადგილების მარშრუტებია

ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეზე მტკიცებულებებს შორის პირთა გადაადგილების მარშრუტებია. ამის შესახებ კუბლაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მაჩალიკაშვილის დაკითხვის შემდეგ განაცხადა.

კითხვაზე, იყო თუ არა ამ მარშრუტებს შორის სოფელი ზემო მაჩხაანი, კუბლაშვილმა აღნიშნა, რომ „საუბარია სხვადასხვა სოფლებზე, სადაც შეიძლება პირი გადაადგილდებოდეს“.

იმყოფებოდა თუ არა საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირი სოფელ ზემო მაჩხაანის სასაფლაოზე – ამ კითხვაზე კუბლაშვილი პასუხობს, რომ მსგავსი რამ მისთვის წარმოდგენილი არ არის.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ გამოვლინდა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერაქტის ორგანიზების გზით იოსებ გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მკვლელობის თაობაზე. ამასთან, სუს-მა მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის, მორის მაჩალიკაშვილის საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც უწყების მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილთან ტერაქტის მომზადებაზე მსჯელობს. სუს-ში განაცხადეს, რომ მორის მაჩალიკაშვილს უნდა დაედგინა იოსებ გოგაშვილის საცხოვრებელი მისამართები, გადაადგილების მარშრუტები და, აგრეთვე, გამგზავრებულიყო სოფელ ზემო მაჩხაანში სასაფლაოზე, რათა დაედგინა იოსებ გოგაშვილის მამის საფლავის ადგილმდებარეობა და გადაეღო ფოტოები, ხოლო მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე მალხაზ მაჩალიკაშვილი დაგეგმავდა სხვა ქმედებებს.