ადვოკატის ინფორმაციით, იულია სუსლიაკის აღკვეთის ღონისძიების გაგრძელებაზე სხდომა 10 ივნისს გაიმართება
10 ბავშვით ვაჭრობაში ბრალდებულ იულია სუსლიაკის საქმეზე ბრალდების მხარე საგამოძიებო ვადის გაგრძელებასა და სუსლიაკის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ვადის ორი თვით გაზრდას ითხოვს.
როგორც საქართველოს პირველ არხს იულია სუსლიაკის ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ განუცხადა, აღკვეთის ღონისძიების გაგრძელებაზე სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 10 ივნისს, 10:30 საათზე გაიმართება.
ამასთან, ზურაბ თოდუა ამბობს, რომ ბრალდებულის ქმარს საქართველოდან ემუქრებიან. მისი თქმით, იური სუსლიაკს, რომელიც ამ დროისთვის აფხაზეთში იმყოფება, საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნების სახელით დაურეკეს და უთხრეს, რომ „ჭკვიანად იყოს“. ადვოკატის თქმით, იური სუსლიაკი მზად არის, მედიას დეტალები მოუყვეს.
ტრეფიკინგში ბრალდებულ იულია სუსლიაკს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 27 აპრილს შეეფარდა.
უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, ის საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აპირებდა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას. გამოძიების ფარგლებში მოპოვებული დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი მისი შვილია და მის გვარს ატარებს. თუმცა, მცირეწლოვნებიდან ოთხი დაბადებულია 2017 წელს.