ადვოკატის განმარტებით, პროკურატურის დაინტერესების შემთხვევაში, გიორგი რურუა მზად არის, თორაძეების საქმეზე შეკითხვებს უპასუხოს
იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუას საქმეზე დღეს ბრალდების სამი მოწმე დაკითხეს, კერძოდ ექსპერტები და გამომძიებელი.
სხდომის დასრულების შემდეგ, საქმის პროკურორმა განაცხადა, რომ ექსპერტმა დაადასტურა, საქმეში არსებულ იარაღზე გიორგი რურუას დნმ-ის კვალის არსებობა.
საპირისპიროს აცხადებს ადვოკატი. გიორგი რურუას უფლებების დამცველის მტკიცებით, იარაღზე თითის ანაბეჭდების არსებობა ექსპერტმა არ დაადასტურა, რაც იმას ნიშნავს, რომ დნმ-ის ნიმუშები ცეცხლსასროლ იარაღზე არის გადატანილი.
რაც შეეხება პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას, რომელიც თორაძეების საქმეს შეეხება და სადაც გიორგი რურუა ფიგურირებს, ადვოკატის თქმით, გიორგი რურუა მზად არის, დაინტერესების შემთხვევაში გამოძიების შეკითხვებს უპასუხოს.