ადვოკატის განმარტებით, პროკურატურის დაინტერესების შემთხვევაში, გიორგი რურუა მზად არის, თორაძეების საქმეზე შეკითხვებს უპასუხოს
ადვოკატის განმარტებით, პროკურატურის დაინტერესების შემთხვევაში, გიორგი რურუა მზად არის, თორაძეების საქმეზე შეკითხვებს უპასუხოს

იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუას საქმეზე დღეს ბრალდების სამი მოწმე დაკითხეს, კერძოდ ექსპერტები და გამომძიებელი.

სხდომის დასრულების შემდეგ, საქმის პროკურორმა განაცხადა, რომ ექსპერტმა დაადასტურა, საქმეში არსებულ იარაღზე გიორგი რურუას დნმ-ის კვალის არსებობა.

საპირისპიროს აცხადებს ადვოკატი. გიორგი რურუას უფლებების დამცველის მტკიცებით, იარაღზე თითის ანაბეჭდების არსებობა ექსპერტმა არ დაადასტურა, რაც იმას ნიშნავს, რომ დნმ-ის ნიმუშები ცეცხლსასროლ იარაღზე არის გადატანილი.

რაც შეეხება პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას, რომელიც თორაძეების საქმეს შეეხება და სადაც გიორგი რურუა ფიგურირებს, ადვოკატის თქმით, გიორგი რურუა მზად არის, დაინტერესების შემთხვევაში გამოძიების შეკითხვებს უპასუხოს.