ადვოკატის განცხადებით, მოსწავლეების მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვაში ბრალდებული ბრალს აღიარებს
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოსწავლეების მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვასა და შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულთა საქმის არსებითი განხილვა 1 მარტს გაიმართება.
დღევანდელ წინასასამართლო პროცესზე მოსამართლემ მხარეთა მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელა.
როგორც ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს აღიარებს.
“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალად ედება დანაშაულის დაფარვა. ბრალის მიხედვით, მას საკუთარმა შვილმა დანაშაულის ადგილიდან დაურეკა, სადაც 10-15 წუთის შემდეგ მივიდა და მისი შვილი და არასრუწლოვანი ბრალდებული ტერიტორიიდან წაიყვანა. ის აღიარებს ამას და ამბობს, რომ ინანიებს“, – განაცხადა ადვოკატმა დარეჯან ბუცხრიკიძემ.
დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ საპატიმრო ღონისძიების გირაოთი შეცვლა მოითხოვა, ასევე, წარდგენილ იქნა მოცემულ საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შუამდგომლობაც, თუმცა მოსამართლემ არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
კიდევ ერთი ბრალდებულის ადვოკატის, მერაბ მამულაძის განცხადებით, ბრალდება აბსურდულ მტკიცებულებაზეა დაფუძნებული. „ეს დადასტურდება არსებით განხილვაზე. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აცხადებს, რომ მან არ იცოდა ვინმეს თუ ეხმარებოდა დანაშაულის დაფარვაში“, – განაცხადა მამულაძემ.
დანაშაულის შეუტყობინებლობის საქმეში ხუთი პირია ბრალდებული, საიდანაც ერთი არასრულწლოვანია და მისი საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი. ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში სწორედ აღნიშნული არასრულწლოვნის საქმეზე მიმდინარეობს პროცესი. დანარჩენი დაკავებული ოთხი პირიდან ერთს აღკვეთის ღონისხიების სახით გირაო აქვს შეაფრდებული, სამი კი, პატიმრობაში იმყოფება.