ადვოკატი ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმეზე უფლებამოსილი საგამოძიებო ჯგუფის შექმნას ითხოვს
დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ამ საქმის გაგრძელება და გამოძიება ამგვარად ვერ მოხდება,- ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილმა, ცოტნე გამსახურდიამ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს გამსახურდიების ადვოკატი მთავარ პროკურატურაში იმყოფებოდა, რათა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში წარმოებულ საქმის მასალებს გაცნობოდა.
„დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით და კიდევ ერთხელ გაგვიმყარდა საფუძველი, რომ ამ საქმის გაგრძელება და გამოძიება ამგვარად ვერ მოხდება. ეს უბრალოდ გამორიცხულია. ჯერ ერთი, რომ არსებული რესურსებით, ერთი გამომძიებელი და ერთი პროკურორი ამ საქმეს ვერ მოერევიან“, – განაცხადა ცოტნე გამსახურდიამ.
გამსახურდიების ადვოკატი, ამირან გიგუაშვილი საქმის მასალების გაცნობის შემდეგ უფლებამოსილი საგამოძიებო ჯგუფის შექმნას ითხოვს.
„ჩვენი მოთხოვნა მდგომარეობდა ერთის მხრივ იმაში, რომ არ შემოედოთ ეს საქმე თაროზე, რასაც აპირებდა პროკურატურა და შეგუებულები იყვნენ ამ აზრს, ხოლო მეორეს მხრივ, ამ უმოკლეს ვადებში შეიქმნას მნიშვნელოვანი უფლებამოსილებით აღჭურვილი საგამოძიებო ჯგუფი, რომელსაც უხელმძღვანელებს საქმის ისეთი პროკურორი, რომელიც ერთის მხრივ იქნება ოჯახის მხრიდან ნდობით აღჭურვილი, ხოლო მეორეს მხრივ, სისხლხორციელად იქნება დაინტერესებული ამ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენაში. მარტივად რომ გითხრათ, მოწმეთა ჩვენებები ამ პერიოდის განმავლობაში წვიმა-წყალივით ჰგავს ერთმანეთს. ერთი და იგივე კითხვები და ერთი და იგივე პასუხებია“, – განაცხადა ადვოკატმა.