ადვოკატი - ყველა ექიმი შეჯერდა, რომ ვანო მერაბიშვილს აქვს ჰორნერის სინდრომი
ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მსჯავრდებულ ვანო მერაბიშვილის ადვოკატის განცხადებით, ყველა ექიმი შეჯერდა იმაზე, რომ მერაბიშვილის ჰორნერის სინდრომი აქვს.
გიორგი ჩივიაშვილის თქმით, აღნიშნულის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
„ცალკეული ექიმები მოსაზრებებს წერენ, რომლებიც ამ თათბირში მონაწილეობდნენ. სამწუხაროდ, ყველა ექიმი შეჯერდა იმაზე, რომ ისევ იგივე ნიშნულზე ვართ და ეს არის ჰორნერის სინდრომი. რით არის ეს გამოწვეული, ამასთან დაკავშირებით საუბარი უჭირთ. იქ იყო რაღაც განსხვავებული აზრები, რაზეც ახლა მიმდინარეობს მათი მოსაზრებების დაფიქსირება.
როდესაც გადმოგვცემენ ამ დოკუმენტს, უფრო მეტი გვეცოდინება. დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ როდესაც მათ გასინჯეს ვანო მერაბიშვილი, პრაქტიკულად უთხრეს ის, რომ სახეზე არსებული ნაკლი, ჩავარდნილი თვალი, შეიძლება ასე დარჩეს, შეიძლება გაუმჯობესდეს ან არც გაუმჯობესდეს.
შეიძლება ითქვას, რომ ისევ იმ ნიშნულზე ვართ, სადაც აქამდე ვიყავით.
მკურნალობასთან დაკავშირებით მე რაც მოვისმინე, მათი უმეტესობა ამბობდა, რომ ამ მომენტისთვის მკურნალობას ვერ დაუნიშნავენ იმიტომ, რომ ამის საჭიროებას ვერ ხედავენ. დამატებით კვლევებთან დაკავშირებით გაიცა რეკომენდაციები, კონკრეტულად ვერ გეტყვით რა კვლევებია“,- განაცხადა ჩივიაშვილმა.
ამასთან, ნეოროქირურგ თამაზ კერძევაძის განცხადებით, პაციენტთან მიმართებაში ექიმები ძირითადად ორ ვერსიაზე მსჯელობენ, რომელთაგან სიცოცხლისთვის საშიში არც ერთი არ არის.
კერძევაძე აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილი ღია სივრცეში ყოფნას საჭიროებს.
“ჩვენ საქმე გვაქვს ძალიან რთულ და იშვიათ პათოლოგიასთან. ექიმების აზრი ორად გაიყო. ნაწილი ვთვლით, რომ ეს არის ქრონიკული სინუსიტი, მარტივად რომ ვთქვათ, ჰაიმორიტი, ფრონტიტი, რომელმაც გამოიწვია აღნიშნული სინდრომი და შედეგად დაიწია თვალის გუგა. მეორე მხარე ამბობს, რომ მას სჭირს იდიოპათიური ჰორნერის სინდრომი. თუ ის დიაგნოზი სიმართლეა, რასაც მე ვფიქრობ, პაციენტის განკურნება დახურულ სივრცეში არ მოხდება, სულერთია ეს იქნება საკანი, სასტუმრო თუ საავადმყოფო. შესაძლოა პაციენტის მდგომარეობა გართულდეს დახურულ სივრცეში. ვანო მერაბიშვილის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელს უახლოვდება“,- განაცხადა თამაზ კერძევაძემ.
თამაზ კერძევაძე „მედიქლაბ ჯორჯიას“ ექიმთა კონსილიუმში მერაბიშვილის ოჯახის თხოვნით მონაწილეობდა.