ადვოკატი - ვანო მერაბიშვილის საქმეზე ვადაზე ადრე გათავისუფლების საბჭომ ხელახლა უნდა იმსჯელოს
ვანო მერაბიშვილის საქმეზე ვადაზე ადრე გათავისუფლების საბჭომ ხელახლა, 5 აპრილამდე უნდა უნდა იმსჯელოს, – ამის შესახებ ინფორმაციას ვანო მერაბიშვილის ადვოკატი ავრცელებს.
გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, დღეს ამოიწურა ვადა, როდესაც იუსტიციის სამინისტროს შეეძლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 25 თებერვლის გადაწყვეტილების გასაჩივრება, თუმცა სამინისტრომ სააპელაციო სასამართლოში სარჩელი არ შეიტანა.
გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, დღეიდან ძალაში შევიდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელშიც წერია, რომ მერაბიშვილს უსაფუძვლოდ უთხრეს ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი.
„ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის აქტი საქალაქო სასამართლომ გააუქმა და მიუთითა, რომ უსაფუძვლო იყო. სასამართლომ დაავალა კომისიას, მერაბიშვილის საქმეზე იმსჯელონ. იუსტიციის სამინისტრომ არ გაასაჩივრა სააპელაციოში. შესაბამისად, ახლა კანონით განსაზღვრულ ვადებში უნდა იმსჯელოს.
ეს ვადები არის თვის 25 რიცხვიდან მომდევნო თვის 5 რიცხვამდე. ახლა მათ აუცილებლად უნდა იმსჯელონ მერაბიშვილის გათავისუფლებაზე. აღმასრულებელ ხელისუფლებას აქვს სიტუაცია, რომ ან უნდა აღასრულოს, ან არ აღასრულოს ის, რაც საქალაქომ გადაწყვიტა. იუსტიციის სამინისტრო ვალდებულია, შეასრულოს ეს გადაწყვეტილება“, – აცხადებს გიორგი ჩივიაშვილი.