ადვოკატი - შაქარაშვილის საქმეში აუცილებლად იქნება თენგო ბარბაქაძის რეალური ჩვენება, რომელსაც სასამართლო სხდომამდე ხუთი დღით ადრე წარვადგენ
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, თენგო ბარბაქაძის ადვოკატის, გიორგი ფოფხაძის განცხადებით, თავიდანვე ფიქრობდა, რომ შაქარაშვილის ჩანთაზე ვინმეს დნმ ნიმუში არ აღმოჩნდებოდა.
მისივე თქმით, შესაძლებელია, ჩანთაზე მხოლოდ მაშველების დნმ დაფიქსირდეს.
„ჩანთასთან დაკავშირებით მე თავიდანვე მქონდა ჩემი ვერსია. ჩემი ვერსია იყო, რომ არ აღმოჩნდებოდა ვინმეს დნმ, ახლაც ჩემი ვარაუდია, რომ მაშველების დნმ ამოვა. ვფიქრობ, პოლიციელის არ უნდა ამოვიდეს, ვინაიდან ამდენი განათლება მაინც უნდა ჰქონდეთ, ხელი არ მოეკიდათ. თუ ამოვიდა, ეს ამ საქმის კიდევ ერთი პარადოქსი იქნება, მაგრამ სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობდა 4-5 დღის განმავლობაში, ჩანთა მანამდე იყო ნაპოვნი. თუ ძალიან დიდხანს არის წყალში, ბუნებრივია, დნმ ირეცხება“, – განაცხადა გიორგი ფოფხაძემ.
ამასთან, ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს არ მიუცია ის ჩვენება, რაზეც ხელი აქვს მოწერილი. გიორგი ფოფხაძის განმარტებით, სწორედ ამაში გამოიხატება თენგო ბარბაქაძის მიმართ ზეწოლა.
„ზეწოლა სხვადასხვანაირი არსებობს, როცა მოაწერ ხელს და დღეს გეუბნება, რომ ეს მე არ დამიწერია, ჩემთვის გაუგებარია, იმ მომენტში რა სიტუაციაში იყო. ხელი არ
უტრიალებიათ და არ ურტყამთ, მაგრამ ამბობს, ხელი რაზეც მაქვს მოწერილი, ეს მე არ მითქვამსო. მე მისი იმიტომ მჯერა, რომ თენგო ბარბაქაძე დღესაც ქათამაძის გარდა არავის იცნობს. ამას ჩამორაკრაკებული აქვს ყველა თავის ჩვენებაში. საქმეში აუცილებლად იქნება თენგო ბარბაქაძის რეალური ჩვენება, რომელსაც მე წარვადგენ კანონით დადგენილ ვადაში, სასამართლო სხდომამდე ხუთი დღით ადრე. იქნება თენგო ბარბაქაძის სრული ჩვენება, რომელიც შეესაბამება სიმართლეს, რომ არავის ურტყამს თენგო ბარბაქაძე, ჩამოვიდა მანქანიდან ჩვეულებრივად, მაგრამ ვინმე რომ ეცემა, ასეთი რამ არ ყოფილა“, – განაცხადა ადვოკატმა.