ადვოკატი - პროკურორი ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულმა იულია სუსლიაკმა რუსეთში ცხრა თვის ბავშვი გაყიდა
ადვოკატი - პროკურორი ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულმა იულია სუსლიაკმა რუსეთში ცხრა თვის ბავშვი გაყიდა

ტრეფიკინგში ბრალდებული იულია სუსლიაკის ადვოკატის განცხადებით, პროკურორი ცრუობს, თითქოს ადვოკატმა სასამართლოზე ბრალდებული ქალის მე-11 შვილის გარდაცვალებაზე დოკუმენტის ქსეროასლი წარადგინა.

ადვოკატმა ჟურნალისტებს მისცა საშუალება გადაეღოთ დოკუმენტები, რომელიც ცხრა თვის ბავშვი გარდაცვალებას, გარდაცვალების მიზეზს და დაკრძალვის ხარჯებს ასახავს.

ზურაბ თოდუა ამბობს, რომ ყველა დოკუმენტი დედანია და პროკურორი ცრუობს. რაც შეეხება დოკუმენტებს, გარდაცვალების მოტივად აბაზანაში დახრჩობაა მითითებული. საუბარია 2017 წლის ოქტომბერში დაბადებულ საბა სუსლიაკზე, რომელიც ადვოკატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტით, 2018 წლის ივნისშია გარდაცვლილი. ზურაბ თოდუამ ასევე მედიას გააცნო დაბადების მოწმობა, სადაც დაბადების ადგილად უკრაინაა მითითებული.

ადვოკატის განცხადებით, 10 შვილის დედას მე-11 შვილი, რომელიც გასულ წელს გარდაიცვალა, სუროგაციის გზით დაიბადა.

პირველი არხის კითხვაზე, დღეს დილით გაკეთებულ განცხადებაში, რატომ თქვა ადვოკატმა, რომ ბავშვი, რომელიც რუსეთში გარდაიცვალა წლინახევრის იყო, ზურაბ თოდუას თქმით, საქმეში 11 ბავშვი ფიგურირებს და ასაკი აერია.

ტრეფიკინგში ბრალდებულ იულია სუსლიაკს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროკურორის განცხადებით, ტრეფიკინგში ბრალდებულმა იულია სუსლიაკმა რუსეთში ცხრა თვის ბავშვი გაყიდა, ბავშვი არ გარდაცვლილა.

უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, ის საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აპირებდა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას. გამოძიების ფარგლებში მოპოვებული დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი მისი შვილია და მის გვარს ატარებს. თუმცა, მცირეწლოვნებიდან ოთხი დაბადებულია 2017 წელს.