ადვოკატი – პროკურორი ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულმა იულია სუსლიაკმა რუსეთში ცხრა თვის ბავშვი გაყიდა
ტრეფიკინგში ბრალდებული იულია სუსლიაკის ადვოკატის განცხადებით, პროკურორი ცრუობს, თითქოს ადვოკატმა სასამართლოზე ბრალდებული ქალის მე-11 შვილის გარდაცვალებაზე დოკუმენტის ქსეროასლი წარადგინა.
ადვოკატმა ჟურნალისტებს მისცა საშუალება გადაეღოთ დოკუმენტები, რომელიც ცხრა თვის ბავშვი გარდაცვალებას, გარდაცვალების მიზეზს და დაკრძალვის ხარჯებს ასახავს.
ზურაბ თოდუა ამბობს, რომ ყველა დოკუმენტი დედანია და პროკურორი ცრუობს. რაც შეეხება დოკუმენტებს, გარდაცვალების მოტივად აბაზანაში დახრჩობაა მითითებული. საუბარია 2017 წლის ოქტომბერში დაბადებულ საბა სუსლიაკზე, რომელიც ადვოკატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტით, 2018 წლის ივნისშია გარდაცვლილი. ზურაბ თოდუამ ასევე მედიას გააცნო დაბადების მოწმობა, სადაც დაბადების ადგილად უკრაინაა მითითებული.
ადვოკატის განცხადებით, 10 შვილის დედას მე-11 შვილი, რომელიც გასულ წელს გარდაიცვალა, სუროგაციის გზით დაიბადა.
პირველი არხის კითხვაზე, დღეს დილით გაკეთებულ განცხადებაში, რატომ თქვა ადვოკატმა, რომ ბავშვი, რომელიც რუსეთში გარდაიცვალა წლინახევრის იყო, ზურაბ თოდუას თქმით, საქმეში 11 ბავშვი ფიგურირებს და ასაკი აერია.
ტრეფიკინგში ბრალდებულ იულია სუსლიაკს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროკურორის განცხადებით, ტრეფიკინგში ბრალდებულმა იულია სუსლიაკმა რუსეთში ცხრა თვის ბავშვი გაყიდა, ბავშვი არ გარდაცვლილა.