ადვოკატი - პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გავრცელებაში ბრალდებული ზაალ ლატარია დაკავებას პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს
ადვოკატი - პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გავრცელებაში ბრალდებული ზაალ ლატარია დაკავებას პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და გავრცელების ბრალდებით დაკავებული ზაალ ლატარია ამ დრომდე ბრალს არ აღიარებს, – ამის შესახებ მისმა ადვოკატმა ვახტანგ იაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე სხდომა იწყება.

ადვოკატის თქმით, მას საქმის მასალები ცოტა ხნის წინ გადაეცა.

პროცესზე დაცვის მხარე მოითხოვს, ბრალდებულს პატიმრობა არ შეუფარდონ.

ამასთან, ადვოკატის ინფორმაციით, ზაალ ლატარია დაკავებას პოლიტიკურ საქმიანობასა და გაერთიანებული ოპოზიციიის მხარდაჭერას უკავშირებს.

„ბრალდებული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და მეც, მისი უფლებადამცველი ვაფიქსირებ ამ პოზიციას. ცალსახად აცხადებს, რომ მისი დაკავება დაკავშირებულია პოლიტიკაში მის აქტიურობასთან. ის გახლავთ გაერთიანებული ოპოზიციის აქტიური მხარდამჭერი და ამას უკავშირებს მის მიმართ ინტერესს. მასთან შეთანხმებით მოგვიანებით დავაფიქსირებთ პოზიციას“, – განაცხადა ვახტანგ იაშვილმა.

პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სულ 18 პირია დაკავებული.