ადვოკატი - მოვიძიეთ სად იყო ასლან ბეჟანიძე და ჩავაბარეთ სამართალდამცველებს
ადვოკატი - მოვიძიეთ სად იყო ასლან ბეჟანიძე და ჩავაბარეთ სამართალდამცველებს

მოვიძიეთ სად იყო ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი და ჩავაბარეთ სამართალდამცველებს,- ამის შესახებ დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმეზე დაკავებულის, ასლან ბეჟანიძის ადვოკატმა განაცხადა.

ირაკლი ჩომახაშვილის თქმით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება იყო დაუსაბუთებელი, უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული.

„ჩვენ არ გვქონდა გადაწყვეტილი, რომ კანონს დავმალოდით, პირიქით, მოვიძიეთ სად იყო ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი და ჩავაბარეთ სამართალდამცველებს.

დღეს ქართული მართლმსაჯულების ტრაგედიაა, როცა სრულიად უდანაშაულო ადამიანს საკუთარი ხელით ვაბარებთ 9 წლიანი პატიმრობისთვის. ჩვენ მზად ვართ, რომ ყველანაირად დავიცვათ მისი უფლებები, ეს იქნება სტრასბურგი თუ სხვა, მათ შორის პრეზიდენტთან და იმ პირებთანაც, ვის უფლებამოსილებაშიც შედიოდა ნინო გვენეტაძის დანიშვნა, იმ ადამიანის, ვინც საერთოდ არ იცოდა ეს საქმე და მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი.

პასუხს მოვთხოვთ პროკურორსაც და მოსამართლესაც, რადგან გააყალბეს მტკიცებულებები, ისინი არიან დამნაშავეები და არა ბეჟანიძე“,- განაცხადა ადვოკატმა.

სამართალდამცავებმა დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმეზე გასამართლებული ასლან ბეჟანიძე დააკავეს. დაკავებისას ის საკუთარ საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა.

ასლან ბეჟანიძეს უზენაესმა სასამართლომ დავით ოთხმეზურის მკვლელობის ბრალდებით ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიმდინარე წლის 29 მარტს მიუსაჯა. მას შემდეგ ის ძებნაში იმყოფებოდა.

13 წლის წინ მოკლული დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმეზე ასლან ბეჟანიძე ორმა ინსტანციამ გაამართლა, რის შემდეგაც პროკურატურამ უზენაეს სასამართლოში საკასაციო სარჩელი წარადგინა.

ბრალდებულის ადვოკატის თქმით, საქმეში წარმოდგენილი მოწმეები, პროკურატურასთან თანამშრომლობის საფუძველზე ცრუ ჩვენებებს აძლევდნენ და სწორედ ამ ჩვენებების საფუძველზე მიიღო უზენაესმა სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება.