ადვოკატი - მერაბ მორჩაძის სახელი და გვარი სასამართლო პროცესზე მოვისმინე, მის შესახებ ერთ-ერთ მოწმეს კითხეს
ადვოკატი - მერაბ მორჩაძის სახელი და გვარი სასამართლო პროცესზე მოვისმინე, მის შესახებ ერთ-ერთ მოწმეს კითხეს

მერაბ მორჩაძის სახელი და გვარი, რომელიც დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა, ერთხელ სასამართლო პროცესზე მოვისმინე, – ამის შესახებ პირველ არხს ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის ოჯახის ადვოკატმა, ხათუნა მაღლაკელიძემ განუცხადა.

მისი თქმით, მორჩაძის შესახებ პროცესზე ერთ-ერთ მოწმეს კითხვა დაუსვეს.

„ჩვენთვის ცნობილია, რომ გამოძიება მიმდინარეობდა და თუ არ ვცდები, ნაწილობრივ, ეს განაჩენის გამოტანამდე დაიწყო . ამ პირის სახელი და გვარი ერთხელ პროცესზე მოვისმინე, ერთ-ერთ მოწმეს კითხვის სახით დაუსვა, თუ არ ვცდები დაცვის მხარემ. საუბარია კონფლიქტში მონაწილე მოზარდზე, რომელიც უკვე სრულწლოვანია. მოწმემ უპასუხა, რომ ამ ადამიანს იცნობდა, მაგრამ არა ახლო ურთიერთობით“, – განაცხადა მაღლაკელიძემ.

მისი განმარტებით, მოწმემ გარკვეული ინფორმაცია სხვადასხვაგვარად მიაწოდა სასამართლოს და როგორც ჩანს, ეჭვი იყო, რომ მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა.

„მოგეხსენებათ, მოწმემ გარკვეული ინფორმაცია სხვადასხვაგვარად მიაწოდა სასამართლოს და როგორც ჩანს, იყო ეჭვი, რომ მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა და ამიტომ, დაუსვეს ეს კითხვა. მახსოვს, რომ ამ გვარმა პროცესზე გაიჟღერა. მახსოვს, ჰკითხეს მოწმეს, ჰქონდა თუ არა ამ პიროვნებასთან კავშირი. მერე გახდა ცნობილი, რომ ამ მოწმეზე ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობდა გამოძიება“, – განაცხადა დადუნაშვილის ოჯახის ადვოკატმა.

შსს-ს ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მოწმეზე ზემოქმედების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ახალი მტკიცებულებების გათვალისწინებით,  1973 წელს დაბადებული მერაბ მორჩაძე დააკავეს

მერაბ მორჩაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ერთ-ერთი მოზარდის ნათესავია და არ იცის, რა ბრალდებით დააკავეს.