ადვოკატი - მცირეწლოვანის დაჭრაში ბრალდებული ამბობს, რომ არაფერი ახსოვს
ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს, მას არ ახსოვს არაფერი, – ამის შესახებ პეკინის გამზირზე მცირეწლოვანის დაჭრის ბრალდებით დაკავებულის ადვოკატმა, ალექსი გაბუნიამ პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ბრალდებული წარსულში ფსიქიკური პრევენციის ცენტრის პაციენტი იყო.
„მე ვესაუბრე დაკავებულს და არაფერი არ ახსოვს. მას ფსიქიკური პრობლემები აქვს, მკურნალობდა და მკურნალობს ახლაც. საკმაოდ მძიმე პრეპარატებს იღებს და გამოძიების პროცესში გაირკვევა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ექსპერტიზა დიდი ალბათობით ჩატარდება. დიდი ხანია, მას ეს პრობლემა აქვს, დაახლოებით რამდენიმე ათეული წელია მკურნალობდა. ის იწვა ადრე სამედიცინო დაწესებულებაში, სხვადასხვა დაწესებულებებში, ბოლოს 2017 წელს იწვა ფსიქიკური პრევენციის ცენტრში რამდენიმე დღე და აქვს დანიშნული პრეპარატები. მე პირველად შევხვდი დღეს პატიმარს და ათი წუთი ვესაუბრე. მე ვერ გეტყვით ახლა რას განიცდის, მას არ ახსოვს არაფერი. ის ამბობს, რაღაცას მეუბნებიან და არ ვიცი რა ხდებაო, ის ახლა ძაან მოდუნებულია. წამლებს ახლა ვერ იღებს, მას თან არა აქვს წამლები“, – განაცხადა ადვოკატმა.
თბილისში, პეკინის გამზირზე მცირეწლოვანს ბასრი საგნით დაზიანებები 27 აგვისტოს მიაყენეს. ბავშვი მშობლებთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც თავდასხმა მოხდა. თავდამსხმელი ქალი იყო და შემთხვევის შემდეგ ადგილიდან მიიმალა, თუმცა, მოგვიანებით პოლიციამ დააკავა. მცირეწლოვანი ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ქალი, 51 წლის თ.ს. დუმილის უფლებას იყენებს. მას ბრალს დღეს წარუდგენენ.