ადვოკატი ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე, ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებულის მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს
ადვოკატი ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე, ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებულის მიმართ გირაოს გამოყენებას მოითხოვს

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე, ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის ადვოკატები, დ.ღ.-ს მიმართ არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას მოითხოვენ.

როგორც ადვოკატმა გოჩა კვარაცხელიამ აღნიშნა, დაცვის მხარე სასამართლოს ალტერნატივის სახით გირაოს შესთავაზებს.

„თუ პატიმრობა იქნება მოთხოვნილი, სახელმწიფო ბრალდების მიერ ამ შემთხვევაში, ჩვენ დიდი ალბათობით გირაოს მოვითხოვთ. არასაპატიმრო ღონისძიებას ჩვენ მოვითხოვთ იმ დასაბუთებით, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა გამოძიების ყველა კითხვას გასცა პასუხი. გარდა ამისა, არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი უნდა იყოს მისი პიროვნული მახასიათებლები, დანაშაულის სიმძიმე და არის კიდევ სხვა ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც ჩვენ საშუალებას გვაძლევს ალტერნატივის სახით გირაო მოვითხოვოთ”, – განაცხადა გოჩა კვარაცხელიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის, დ.ღ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს. სხდომა ცოტა ხნის წინ დაიწყო.