ადვოკატი - გამოძიებამ ექსპერტიზისთვის საჭირო მასალების გადაცემა მოითხოვა, მათ შორის ტანსაცმლის, დანებისა და ბიოლოგიური მასალის
ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ადვოკატი კახა პაპავა აცხადებს, რომ დაცვის მხარის ექსპერტს გამომძიებლები დაუკავშირდნენ და ექსპერტიზისთვის საჭირო მასალების გადაცემა მოითხოვეს.
ადვოკატის თქმით, მასალებში იგულისხმება როგორც ტანსაცმელი, ასევე დანები და ბიოლოგიური მასალა.
„გუშინ მასმედიის საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავარ პროკურატურას სურს, საქმეში ჩართოს კვალიფიციური პროკურორები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რომლებიც კურირებას გაუწევენ სისხლის სამართლის საქმეს. აგრეთვე სურთ, ხსენებული მასალა, რომელიც გამოძიების მიერ არის მოპოვებული, სპეციალური კვლევისთვის შვეიცარიაში გადაიგზავნოს. ანუ გამოდის და იკვეთება ის გარემოება, რომ ის ინსტიტუციები, რომლებიც მოწოდებული არიან, სიმართლის მხარეს დადგნენ, არ არიან ეფექტურები და საჭირო გახდა, საზღვარგარეთიდან მოწვეული სპეციალისტების ჩართვა“, – განაცხადა კახა პაპავამ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მკვლელობაში ბრალდებულებისთვის სასჯელის ვადის განსაზღვრის სხდომა მიმდინარეობს.
ხორავას ქუჩაზე მომხდარ არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე სასამართლომ განაჩენი გუშინდელ სხდომაზე დაადგინა.
სასამართლოს განმარტებით, გ.ბ. ცნობილი იქნა დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოებაში – წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში, ხოლო გ.ჯ. ცნობილი იქნა დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოებაში – წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში. ამავე განაჩენით, წარდგენილ ბრალდებაში გ.ბ. , გ.ჯ.-სთან ერთად, უდანაშაულოდ იქნა ცნობილი დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში, ხოლო გ.ჯ მიერ ჩადენილი დანაშაული სასამართლოს მიერ დაკვალიფიცირდა როგორც დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში.
თბილისში, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა.