ადვოკატი დიმიტრი გაბუნია ამხანაგობა „ატენი 19-ის“ წევრების წინააღმდეგ საქმის განხილვას სასამართლოში აპირებს
ადვოკატი დიმიტრი გაბუნია ამხანაგობა „ატენი 19-ის“ წევრების წინააღმდეგ საქმის განხილვას სასამართლოში აპირებს

ატენის ქუჩის მცხოვრებლების ადვოკატი დიმიტრი გაბუნია ამხანაგობა „ატენი 19-ის“ წევრების მიერ მის ოფისთან გამართულ აქციას ადვოკატის საქმიანობაში უხეშ ჩარევად აფასებს. როგორც ადვოკატმა განაცხადა, ფაქტი რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს, რადგან შესაძლოა საფრთხე სხვა ადვოკატების საქმიანობასაც დაემუქროს. გაბუნიას თქმით, ამ საქმის სასამართლოში განხილვას აპირებს.

მსახიობ თათული დოლიძის და ატენის ქუჩის მოსახლეობის ადვოკატი შსს-ს მოუწოდებს ფაქტის დროული გამოძიებისკენ. ასევე, ადვოკატ გაბუნიას სრულ მხარდაჭერას უცხადებს და ადვოკატის საქმიანობაში უხეშ ჩარევაზე საუბრობს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეც. დავით ასათიანის თქმით, ასოციაცია მსგავს ფაქტს დაუშვებლად მიიჩნევს და სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ადვოკატის ოფისთან გამართული აქცია რეაგირების გარეშე არ დატოვოს.

შეგახსენებთ, დიმიტრი გაბუნიას საადვოკატო ოფისთან ამხანაგობა „ატენი 19-ის“ წევრებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას სასამართლოზე და მერიაზე ზეწოლაში ადანაშაულებენ.

ატენის ქუჩის მოსახლეობა უკვე რამდენიმე დღეა საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. პარალელურად, ის ადამიანები, რომლებსაც მშენებარე კორპუსში ბინები აქვთ შეძენილი, ამავე მშენებლობის გაგრძელებას ითხოვენ.

ასევე, მერიაში დაწყებულია ატენის ქუჩაზე მშენებარე 27-სართულიან კორპუსთან დაკავშირებით მოსახლეობის ადმინისტრაციული სარჩელის განხილვაც.